[ბანკები და ფინანსები]
აფბა საკრებულოს და მერიას დასუფთავების გადასახადის დენის მოხმარებაზე მიბმის გაუქმებისკენ მოუწოდებს
დასუფთავების (ნაგვის) გადასახადის ადმინისტრირების ახალი სისტემით
გადასახადი 2-ჯერ გაიზარდა და მოსახლეობის ძარცვის დრაკონული სქემა დაკანონდა
ახალი სისტემა საბაზრო ეკონომიკის პრიციპებს ეწინააღმდეგება და
მომხმარებელთა, მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს
ორშაბათს, 22 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო “ძველი მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას” ბრიფინგი.
ბრიფინგის თემა იყო “ნაგვის (დასუფთავების) გადასახადის მიბმა ოჯახის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობაზე”. ეს მოქალაქეთათვის უკანონო, არაპირდაპირი გადასახადის დაწესებაა. იგი ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ანალოგი არ მოეპოვება არსად, დღევანდელ მსოფლიოში აღნიშნეს ახალგაზრდა ფინანსისტებმა. გამონაკლისად დასახელდა - მონღოლების ბატონობის დროინდელი ხარკი, ხარაჯა და ყაფჩერი. ”სხვათა შორის, დღევანდელი ქართველი ბასკაკები მონღოლებზე წინ მაინცდამაინც არ წასულან. ამის მაგალითია ყაფჩერი, რომელიც რაღაცით ჰგავს დღევანდელ ნაგვის გადასახადს. ყაფჩერი - იყო ერთი სული საქონელი ყოველ ას სულზე, მაგრამ დღევანდელი ხელისუფალი ბასკაკებისგან განსხვავებით, უქონელებს და გლახაკებს ყაფჩერს არ აკისრებდნენ”, - აღნიშნა აფბას ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.
აფბა აპროტესტებს დასუფთავების გადასახადის ოდენობის განსაზღვრის ახალ წესს და მის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ნაცვლად რეალური, საბაზრო პრინციპებით განსაზღვრული გადასახადის შემოღება უნდა მოხდეს.
მოგეხსენებათ, პირველი ივლისიდან დასუფთავების ტარიფი, თბილისის მოსახლეობისთვის, მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება და ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 24 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა - მას შემდეგ, რაც საკითხს სამჯერ უყარეს კენჭი.
აფბა მიიჩნევს, რომ ეს ტარიფი არ ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. კერძოდ, რატომ მოხდა მაინცდამაინც ელექტროენერგიაზე დასუფთავების ტარიფის მიბმა? ელექტოენერგიის მოხმარების ოდენობა, მოგეხსენებათ, სეზონურად იცვლება და აქედან გამომდინარე, დასუფთავების გადასახადი წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოდის, რატომ? იქნებ ტარიფი უმჯობესი და სამართლიანი იქნება 10 თეთრი იყოს, ან 4, ან 2 და ა.შ.?
რომელ სოციალურ სამართლიანობაზეა საუბარი, როცა, ვინც 100 ლარის დენს მოიხმარს, ნაგვის გადასახადს - 28 ლარს იხდის, ოთხსულიანი ოჯახი კი, დღემდე 10 ლარს რომ იხდიდა, ამიერიდან დაახლოებით 3-ჯერ მეტს გადაიხდის, ანუ 28-30 ლარს, რადგან ყველა, საშუალო რაოდენობის წევრებისგან, ოთხი სულისგან შემდგარი ოჯახი, საშუალოდ თვეში 100 ლარის დენს მოიხმარს. მათი მდგომარეობაც მკვეთრად უარესდება. მცირდება დენის მოხმარება, მოსახლეობის 70-80% კიდევ უფრო ცოტა დენს მოიხმარს, რათა ნაგვის გადასახადის ოდენობა შემცირდეს. თუ ხელისუფლებასთან შეკრულ მაფიოზურ კლანებს, რომლებიც ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებენ, მეტი დენი სჭირდებათ უცხოეთში გასაყიდად, მაშინ დენის მოხმარების შემცირებისკენ სიტუაციის წაქეზება გასაგებია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლების ხარჯზე. 1-3 თეთრად წარმოებული 1 კვტ/სთ-ს როცა შენივე მოქალაქეზე საშუალოდ 17 თეთრად ყიდი, ექსპორტზე კი 8-10 თეთრად ასაღებ, შენი მიდგომა საკითხისადმი ცალსახად ანგარებას ეფუძნება.
ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, დასუფთავების გადასახადის დარიცხვის ახალი სისტემა მოსახლეობას აღნიშნულ მომსახურებას მთლიანობაში დაახლოებით 2-ჯერ უძვირებს. ”ერთსულიანი ოჯახი თვეში საშუალოდ 100-120 კილოვატ ელექტო ენერგიას ხარჯავს, რის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი 5-7 ლარი გამოდის, მაშინ, როცა ამ წესის მიღებამდე, თუნდაც 6 თვის წინ, როდესაც დასუფთავების გადასახადი უკვე გაძვირებული იყო, ერთ სულზე იგი მაინც გაცილებით ნაკლებს, კერძოდ, 2,5 ლარს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ეს ტარიფი სულზე 1,25 ლარი იყო”, - აღნიშნა აფბას პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.
აფბა ამ ფაქტს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების უხეშ დარღვევად აფასებს. ვინაიდან დაუშვებელია ერთი საქონლის ღირებულების განსაზღვრა მეორე საქონლის ღირებულებით. ელექტროენერგიის მიწოდება და დასუფთავება, ორივე,მომსახურების ტიპებია და მათზე სხვადასხვა საბაზრო ძალები და ფაქტორები მოქმედებს, აქედან გამომდინარე, მათი ერთმანეთზე მიბმა არ არ არის მართებული.
ახალგაზრდა ფინანსისტები მოუწოდებენ ექსპერტებს, განსაკუთრებით კი მათ იმ ნაწილს, რომელის ხელისუფლების პოლიტიკისადმი ლოიალურად არის განწობილი, გამოთქვან ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი და დასუფთავების გადასახადის ადმინისტრირების სისტემის ავტორებს შეახსენონ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და უხეშად არღვევს მას. მომხმარებლის იძულება მსგავსი მეთოდით დაუშვებელია და კანონიერების არანაირ ჩარჩოებში არ თავსდება.
აფბა მიმართავს თბილისის საკრებულოს მოიწვიოს საგანგებო სხდომა და გააუქმოს ნაგვის გატანის გადასახადის დახარჯული დენის ოდენობაზე მიბმის გადაწყვეტილება. განსაკუთრებით ელის ხალხი ქრისტიან-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატების, ინგა გრიგოლიას, თინა ხიდაშელის, ჯაბა სამუშიას, ვიქტორ დოლიძის, ზურაბ აბაშიძის პრინციპულ პოზიციას. ეს ბატონები მაღალი ხელფასებისთვის არ მისულან საკრებულოში, მაგრამ ჯერ ვერც ერთი შედეგიანი პროექტი საკრებულოში ვერ განახორციელეს. აფბა მზადაა მათ დაეხმაროს შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაციები.
აფბა მიმართავს საქართველოს ომბუდსმენს - გააპროტესტოს მოსახლეობის უფლებების უხეში ხელყოფა ამ გაუგონარი და აბსურდული გადასახადის დაწესებით.