[ნიკა მეტრეველი ]
აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 26 აგვისტოს არის
დაგეგმილი. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
მეთაურობისთვის ალექსანდრე
ანქვაბი, რაულ
ხაჯიმბა და
სერგეი შამბა
იბრძვიან. წინასაარჩევნო
დაძაბულობა ოკუპირებულ რეგიონში პიკს აღწევს.
ვითარების ესკალაცია გამოიწვია თენგიზ კიტოვანის განცხადებამ, რომ მოქმედი „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი 1992–93 წლების ომისას თბილისთან თანამშრომლობდა. საქართველოს ექსთავდაცვის მინისტრის გამოსვლის სატელევიზიო ვიდეორგოლს სოხუმის ცენტრში დიდ მონიტორზე ატრიალებდნენ. ანქვაბის შტაბმა სერგეი შამბა პოლიტიკური მიზნებისთვის კიტოვანის მოსყიდვაში დაადანაშულა. მოქმედმა პრემიერმა ბრალდება კატეგორიულად უარყო.
ამის შემდეგ, სერგეი
შამბას საეჭვო ვითარებაში ავტოავარია შეემთხვა. პრემიერი ტვინის შერყევის
დიაგნოზით გაგრის
საავადმყოფოშია მოთავსებული.
დე-ფაქტო
პრეზიდენტობის კანდიდატს
სხვა სახის
დაზიანებებიც აღენიშნება,
თუმცა, ექიმების
განცხადებით, მის
სიცოცხლეს საფრთხე
არ ემუქრება. ასევე დაშავდა
მისი დაცვის
სამი წევრი.
ინციდენტი ამ დღეებში სოფელ ბზიფთან
მაშინ მოხდა,
როდესაც შამბა
ბიჭვინთაში, ამომრჩეველთან შესახვედრად
მიემგზავრებოდა. თანმხლები
პირების განცხადებით,
კორტეჟი 70 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობდა, მოულოდნელად
კი შემხვედრმა
ავტომობილმა გამყოფი
ზოლი გადმოკვეთა,
შამბას ავტომანქანას
შეეჯახა და
თხრილში გადააგდო.
ავარიის გამო
შამბამ წინასაარჩევნო დებატებში
მონაწილეობა ვერ
შეძლო.
დე-ფაქტო
პრეზიდენტობის კანდიდატის
საარჩევნო შტაბი
ავარიის მიზეზების
დაუყოვნებლივ და
დეტალურ გამოძიებას
ითხოვს. როგორც
სააგენტო „აპსნი პრესი“
იუწყება, ამის
შესახებ შამბას
შტაბის განცხადებაშია ნათქვამი:
„მივმართავთ
გენერალურ პოკურატურას
და შინაგან
საქმეთა სამინისტროს,
ჩაატარონ ამ
შემთხვევის სრულყოფილი
გამოძიება“.
ამასთან, მომხდართან დაკავშირებით
სოხუმში განსხვავებული ინფორმაცია
ვრცელდება. როგორც
შამბას მომხრე
ბესლან ბუთბამ
განაცხადა, არავითარ
თავდასხმას ადგილი
არ ჰქონია.
მისი თქმით,
შამბას კორტეჟის
ავტომანქანა შეეცადა
კანდიდატის ავტომანქანისთვის
გასწრებას და
შედეგად ის
თხრილში გადააგდო.
სხვა ისტორიას უყვება სერგეი შამბას მხარდამჭერთა ჯგუფის წარმომადგენელი ტარიელ აძინბა „ნეზავისიმაია გაზეტას“:
„ჩემს ავტომანქანაში ისხდნენ კიდევ ჩემი ძმა ავთანდილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა. ჩვენ პრემიერ–მინისტრის ავტომანქანას მარცხენა მხრიდან ვიცავდით. კორტეჟი მიდიოდა არა უმეტეს 70 კილომეტრი საათში სიჩქარით. სოფელ ბზიფთან დავინახე, თუ როგორ უეცრად მოუმატა სიჩქარეს ჩვენი მიმართულებით მოძრავმა უნომრო „ლენდკრუზერმა“ და სერგეი მირონის ძეს მანქანისკენ დაიძრა.
ამ სიტუაციაში ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემი ავტომანქანა დამეყენებია დარტყმის ქვეშ. შამბას „მერსედესის“ გასწრება არ იყო რთული და მეც მას წინ ჩავუჭერი. ჩვენი ავტომანქანები ერთმანეთს დაეჯახა და გადავარდნენ თხრილში, და მადლობა უფალს, რომ რამეს არ დავეჯახეთ – დიდი ხეები და ნაყარი არმატურა ცოტათი გვერდით ჩამოვიტოვეთ. „ლენდკრუზერმა“ კი ჩემი მანქანის გვერდითი სარკე გატეხა და სოხუმის მხარეს წავიდა“.
ტარიელ აძინბას თქმით, „როგორც კი შოკმა ჩაიარა, ჩვენ მაშინვე დავადევნეთ ხალხი, მაგრამ უნომრო „ლენდკრუზერის“ პოვნა ვერ მოვახერხეთ, ვერც ჩვენი არხებით, ვერც სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით“.
ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ თავდასხმა არ ყოფილა, ამ ეტაპზე რთულია. თუმცა საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ პატარა აფხაზეთში, სადაც ყველა ყველას იცნობს, „უეცრად გაქრა“ ჯიპი „ლენდკრუზერი“.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარიამდე სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა, რომ რომ ომისათვის (1992-1993 წწ) აფხაზები წინასწარ ემზადებოდნენ და, რომ 1989 წლის ივლისის და 1992 წლის აგვისტოს მოვლენები ერთი ჯაჭვის რგოლებია.
შამბამ „მოსკოვსკი კომსომოლეც“–ის ჟურნალისტთან მარინა პერევოზკინასთან ინტვერიუში განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ომამდე იყო დაკავებული წინააღმდეგობის რაზმების შექმნით:
„ომის დროს მე ვიყავი დაკავებული წინააღმდეგობის ორგანიზებით, ვიყავი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისარი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამარჯვებას მივაღწიეთ. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ეს არ არის ჩემი დამსახურება. მაგრამ მე ჯერ კიდევ ომამდე ვქმნიდი შეიარაღებულ რაზმებს, ჯერ კიდევ ომამდე დავდიოდი მთელ საბჭოთა კავშირში და ჩრდილოეთ კავკასიაში, და სწორედ ამიტომაც მოვიდნენ მოხალისეები ჩვენს დასახმარებლად, და გახდნენ ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი“.
ამ ტიპის გამოსვლებში შამბას და ანქვაბს „ოპოზიციის ლიდერი“ რაულ ხაჯინბაც არ ჩამორჩება. მისი სატელიტები ლიდერის „გამაერთიანებელ როლზე“ საუბრობენ, რომელსაც „სახელისუფლებო“ კანდიდატებს შორის მზარდი დაძაბულობის აღკვეთა შეუძლია.
1992–1993 წლის კონფლიქტის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“, რომელიც მხარს უჭერს „პრეზიდენტობის“ კანდიდატს რაულ ხაჯიმბას, აფხაზეთის მოსახლეობას მათი კანდიდატურისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
თავის განცხადებაში „არუაა“ აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ადგილის აქვს ხელისუფლებიდან ორი კანდიდატის დაპირისპირებას“. ეს, ვეტერანების აზრით, იწვევს საზოგადოებაში დაძაბულობის ზრდას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შედეგები, „რაც აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას შეუქმნის საფრთხეს“.
როგორც აღნიშნულია განცხადებაში, „ამ პირობებში ოპოზიციის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა წარმოადგენს მასტაბილიზირებელ და გამაერთიანებელ ფაქტორს. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეაჩეროს სიტუაციის გამწვავება ქვეყანაში“.