ვიცნობ რურუას და გარკვეული სიმპათიები მაქვს მის მიმართ, რადგან რუსთაველის თეატრმა რაც მას სთხოვა, ყოველთვის ყველაფერი გააკეთა. ამიტომ მჯერა, რომ შეიძლება სააკაშვილსა და რურუას შორის ხელჩართული ჩხუბი მომხდარიყო. თუმცა, როცა რურუა გამოვიდა და ჩემი მოხსნის მიზეზებზე ლაპარაკობდა, ეს ჩემთვის იყო იმის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება გადაიხაროს ადამიანი უარყოფით მხარეს და საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წავიდეს“, - აცხადებს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, გათავისუფლების გადაწყვეტილება არა რურუამ, არამედ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. „რურუამ კი არა, სააკაშვილმა მომხსნა. ჩემი მოხსნა "ეთნიკურ მეტაფორებთან" არ არის დაკავშირებული - სულ ახლახან სააკაშვილმა საშინლად ილაპარაკა სომხებზე - იმიტომ, რომ მას აზერბაიჯანმა ასესხა ერთი მილიარდი დოლარი და მადლიერება რომ გამოეხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიმართ, თქვა - სომხეთი არის საშინელი რესპუბლიკაო, შეადარა სომხები მეხუთე კოლონას და ა.შ. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც პატარა კრიტიკასაც კი ვერ უძლებს - ეტყობა ეს ბავშვობიდან მოსდევს, ალბათ ოჯახური აღზდის ბრალიცაა“, - ამბობს სტურუა.
გამოცემასთან ინტერვიუში სტურუა მისი მოხსნის სავარაუდო მიზეზზეც საუბრობს. „ალბათ, "ნადირობის სეზონი" გადაიღეს და აჩვენეს სააკაშვილს, როგორც თავის დროზე "ყვარყვარე თუთაბერი" გადაიღეს ვიდეოფირზე და შევარდნაძეს აჩვენეს. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში ჩატარდება, დაგეგმილი იყო "ნადირობის სეზონის" ჩვენება, მაგრამ, როგორც მითხრეს, ეს სპექტაკლი ფესტივალის პროგრამიდან ამოუღიათ! ჩვენ ამ სპექტაკლის პრემიერით დავხურეთ სეზონი რუსთაველის თეატრში და მაყურებელში ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია, ძალიან დიდი ოვაციები იყო, ეს სპექტაკლი მართლა გულში მოხვდა მაყურებელს. სააკაშვილს კი ალბათ გულში იმიტომ მოხვდა, რომ ამ სპექტაკლში არის სცენა, სადაც ნაჩვენებია, რომ პრეზიდენტები ხალხს ატყუებენ და არ აკეთებენ იმას, რასაც მოსახლეობას ჰპირდებიან...
დასრულდა ჩემი ურთიერთობა რუსთაველის თეატრთან ისე, როგორც მე ვფიქრობდი, რომ უნდა დასრულებულიყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ასე უნდა დამთავრებულიყო. რამაზ ჩხიკვაძემ დამირეკა, სხვათა შორის, როცა უკვე ყველაფერი ყელში მქონდა ამოსული და ჩემი ნებით ვაპირებდი თეატრიდან წასვლას, რამაზმა მითხრა - არავითარ შემთხვევაში შენი ნებით არ წახვიდე, შენ უნდა გაგაგდონ, ეს აუცილებლად უნდა მოხდესო!“, - აცხადებს სტურუა