ყოფილი სსრკ: დემოკრატიის დეფიციტი

ყოფილი სსრკ: დემოკრატიის დეფიციტი

[Financial  Times  ნილ ბაკლი]

1991 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, ლიტვის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ლიდერის ვიტაუტას ლანდსბერგისის სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. კოლეგამ ახალი ამბავი აცნობა. მოსკოვში გადატრიალება მოხდა; მიხეილ გორბაჩოვი დაპატიმრებულია.

ლანდსბერგისს მსგავსი მოვლენის იმ დღიდან ეშინოდა, რაც ლიტვა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რომლის აღიარებაზეც მოსკოვი უარს ამბობდა. მოგვიანებით მას საბჭოთა არმიის ბალტიის ოლქიდან დაურეკეს. „ხელისუფლება ახლა ჩვენ ვართ“, – უთხრეს მას ტელეფონში.

და მხოლოდ 48 საათის შემდეგ პუტჩი ჩაიშალა, რამდენიმე თვეში კი საბჭოთა კავშირიც დაინგრა. ლანდსბერგისმა ლიტვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააყენა. ის დღეს 78 წლისაა და ისევ ევროპარლამენტში მუშაობს. ის საღად აფასებს ლიტვაში განხორციელებულ ცვლილებებს. „ეს შეიძლება ადრეც მომხდარიყო“, – მიაჩნია ლანდსბერგისს „რუსეთს რომ ევროპული დემოკრატიის აშენება მოეხერხებინა“.

მისი კომენტარები ხაზს უსვამს, ყოფილ აღმოსავლეთის ბლოკში განხორციელებული ცვლილებების საოცარ თავისებურებას. არშემდგარი პუტჩიდან ოცი წლის შემდეგ, მისი მემკვიდრეობა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გაცილებით უფრო წინააღმდეგობრივია, ვიდრე ის, რაც დარჩა იმ რევოლუციებისგან, რომელმაც ორი წლით ადრე აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმი დაამხო.

ისეთი კატასტროფების მიუხედავად, როგორიცაა იუგოსლავიის ომი, საბჭოთა კავშირს გარეთ მოქმედი ყოფილი სოციალისტური ეკონომიკების უმრავლესობა დღეს საბაზრო დემოკრატიის სახით ფუნქციონირებს; მათგან შვიდი სახელმწიფო ევროკავშირის წევრია.

საბჭოთა კავშირის ყოფილმა თხუთმეტმა რესპუბლიკამაც ცენტრალური დაგეგმვა საბაზრო ეკონომიკით შეცვალა. მაგრამ ბალტიის ქვეყნების (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) გარდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში კორუფციისგან გახრწნილი ავტორიტარული მართველობის სისტემებია. რკინის ფარდა ჯართად დაიჭრა, მაგრამ დღევანდელ ევროპაში ახალი ზღვარია (აღმოსავლეთისკენ, ნაკლებად მკაფიოდ განსაზღვრული, უფრო ბუნდოვანი და ცვალებადი, მაგრამ ამის გამო არა ნაკლებად რეალური) – დემოკრატიებს და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ასეთებად ვერ იქცნენ.

ეს ძალიან ღირებული გაკვეთილებია ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის, სადაც დემოკრატია ჩნდება და საერთაშორისო თანმეგობრობისთვის, რომელიც მათი მხარდაჭერის გზებს ეძებს.

ანალიტიკური ცენტრის The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ბოლო ინდექსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ექვსს „ავტორიტარული“ რეჟიმის სტატუსი მიენიჭა, აქედან ორი – უზბეკეთი და თურქმენეთი მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული რეჟიმების ოთხეულში შედიან. კიდევ ოთხი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი, „ჰიბრიდულ“ რეჟიმებად სახელდება, პოლიტიკური კულტურის და სამთავრობო ფუნქციონირების სერიოზული ხარვეზებით. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის მიღმა არსებული ყოფილი სოციალისტური სახელმწიფოები ორი კატეგორიით სიის სათავეში არიან: „სრულყოფილი“ და „არასრულყოფილი“ დემოკრატიები, ომისგან დანგრეული ბოსნია-ჰერცოგოვინას და ალბანეთის გარდა, რომელიც 20 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო.

„პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა უმრავლესობა კორუმპირებული სახელმწიფოებია. მათი მთავარი მიზანი – კორუფციის წყალობით ელიტის მაქსიმალური გამდიდრებაა“, – მიაჩნია ანდერს ასლუნდს, შვედ ეკონომისტს, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში უკრაინის და რუსეთის მთავრობებისთვის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა. „ავტორიტარიზმი მათთვის ამის შენარჩუნების გარანტიაა“.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელ ნიკოლოზ პეტროვს მიაჩნია, რომ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ბალტიისპირეთის მიღმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ორ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფში შედიან ყოფილი საბჭოთა შუა აზიის სახელმწიფოები, როგორებიცაა ყაზახეთი და უზბეკეთი. ამ ქვეყნების ლიდერებმა ხელისუფლებაში დასარჩენად ძველი მეთოდების ადაპტირება მოახდინეს. მეორე ჯგუფის ქვეყნებში თავისუფალი არჩევნები ტარდებოდა მანამ, სანამ არ გამოჩნდა ლიდერი, რომელმაც „დანარჩენები გაყარა“.

პეტროვის თქმით, მეორე ჯგუფში შედის ბელორუსია, რომლის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს აშშ „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებს, და უფრო მსუბუქი ფორმით ასეთი ქვეყანა ყოფილი პრეზიდენტისა და დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის რუსეთია.

უკრაინაც, სადაც 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ ერთგვარი პოლიტიკური თავისუფლების პერიოდი იყო, იგივე გზას ადგას პრეზიდენტ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში. იანუკოვიჩმა შარშანდელ არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო დაამარცხა. ტიმოშენკო დღეს განსასჯელთა სკამზე ზის და ბრალი ედება რუსულ გაზზე ისეთი შეთანხმების ხელმოწერაში, რომელიც უკრაინისთვის ეკონომიკურად წამგებიანია.

ნაწილობრივ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ასეთებად გადაიქცნენ საკუთარი კულტურის, ისტორიის და გეოგრაფიის წყალობით; ნაწილობრივ ეს კომუნიზმიდან პოსტკომუნისტურ ეპოქაში გადასვლის სხვადასხვა მეთოდების შედეგია. მთავარი სხვაობა კომუნისტების მმართველობის ქვეშ გატარებული დროის ხანგრძლივობაა. სსრკ-ს რესპუბლიკების უმრავლესობას კომუნიზმი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ 70 წლის განმავლობაში მართავდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები საბჭოთა გავლენის ქვეშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოექცნენ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დიდ ნაწილს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ისტორია არ გააჩნდა, რადგან რევოლუციამდე ისინი მეფის რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ.

ცენტრალური ევროპის სოციალისტურმა ქვეყნებმა, მაგალითად, უნგრეთმა და პოლონეთმა კერძო ბიზნესის და საკუთრების ცალკეული ტრადიციები, ასევე დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ნიშნებიც შეინარჩუნეს. პოლონეთის კათოლიკური ეკლესია წარმოადგენდა ძალაუფლების ალტერნატიულ სტრუქტურას და ზნეობრივ ორიენტირს.

„რელიგიის გავლენა სათანადოდ შეფასებული არ არის“, – მიაჩნია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის. „ადამიანები ფიქრობენ, რომ (დემოკრატიის წარმატებისთვის) საკმარისია სწორი ინსტიტუტების შექმნა, მაგრამ ინსტიტუტები ეფექტური იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი იქ ეთიკური ადამიანები იმუშავებენ“.

შემთხვევითი არ არის ის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც სსრკ-ს მხოლოდ 1940 წელს შეუერთდნენ, განვითარების ევროპული მოდელი გაიზიარეს. ისინი თავს „საბჭოთა რესპუბლიკებად არ მიიჩნევენ, არამედ ევროპულ ქვეყნებად, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიის აღდგენას და არა ახლის აშენებას“, – ფიქრობს ლანდსბერგისი.

ამ ფაქტორების გამო, დასავლეთი არასაბჭოთა სახელმწიფოებს ყოველთვის ევროპის ნაწილად მიიჩნევდა. საბჭოთა კავშირის მხრივ სულ სხვა სიტუაციაა, ფიქრობს კიეველი პოლიტოლოგი ალექსეი ხარანი: „უკრაინას იმის დამტკიცება უწევს, რომ რუსეთი არ არის“. ამიტომ, დასავლეთმა უმალ გაიღო უზარმაზარი დახმარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გარდამავალ პერიოდში. მაგრამ, როგორც ასლუნდი ამბობს, ნაწილობრივ ვაშინგტონის მაღალჩინოსნების უარის გამო, „ის არაფრით არ დაეხმარა რუსულ რეფორმებს დასაწყისში“.

ევროკავშირმა ასევე სწრაფად გაუხსნა ბაზრები მის აღმოსავლელ მეზობლებს, გაუხსნა ბაზარი ექსპორტისთვის, რამაც ხელი შეუწყო მათი ეკონომიკების ამუშავებას. 1990-იანების შუა წლებში ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყო თითოეულ ამ ქვეყანასთან, სთავაზობდა მათ მოდელებს, მიზნებს, სტიმულებს რეფორმებისთვის, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არ მომხდარა.

„ჩვენ ახლა დავიწყეთ საკუთარ თავზე ოპერაციის კეთება, ერთდროულად ტვინზე, კუჭზე“, – ხუმრობს საქართველოს სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი, „გულუხვი მხარდაჭერის გარეშე კი ამის კეთება ძალიან რთულია“.



ასლუნდის თქმით, სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ბევრი საბჭოთა რესპუბლიკა რუბლის ზონაში რჩებოდა 1993 წლამდე. ახალგაზრდა რეფორმატორების ნების პარალელურად, რომლებიც ეკონომიკას მართავდნენ, რუსეთის ცენტრალური ბანკი არ წყვეტდა ფულის ბეჭდვას და სახელმწიფო კომპანიების სუბსიდირებას განაგრძობდა. ამან ჰიპერინფლაცია გამოიწვია და მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია შეუძლებელია გახდა.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რეფორმებიც ნელა მიმდინარეობდა, რადგან მათ განხორციელებაზე კონსენსუსი ნაკლებად არსებობდა. კერძო მეწარმეებმა და ჩინოვნიკებმა სარგებლის ძიებაში სიტუაციით სარგებლობის გზები გამონახეს, შექმნეს რა ცუდი საპრივატიზაციო პროგრამები, რითაც ისინი უზარმაზარ ქონებას დააგროვებდნენ. ამის შედეგად, საქმიანი და პოლიტიკური კლანების მზარდმა ოლიგარქიამ რუსეთშა და სხვა რესპუბლიკებში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. არჩევნები სულ უფრო ყალბდებოდა, რათა ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დარჩენილიყო, ან უკეთეს შემთხვევაში ხელისუფლება სხვა ჯგუფისთვის გადაეცათ.

ბელორუსის დეკემბრის არჩევნების მონაწილე, დისიდენტი და ეკონომისტი ირაოსლავ რომანჩუკი ფიქრობს, რომ ეფექტი დამანგრეველი იყო. „როდესაც ხალხმა დაინახა, რომ თავისუფლების ლოზუნგის ქვეშ ჩვენ ვიღებთ მორალურ დეგრადაციას, საზოგადოების უკიდურეს განშრევებას, რამდენიმე თვითდანიშნული პოლიტიკოსის და ბიუროკრატის მხრიდან საკუთრების ძარცვის აღმაშფოთებელ მაგალითებს, რა თქმა უნდა მათ თქვეს „თუკი ეს არის კაპიტალიზმი და დემოკრატია, მაშინ ჩვენ ის არ გვინდა“.

შეფერხებების მიუხედავად, პოსტსაბჭოთა დემოკრატიის საქმე ბოლომდე დაღუპული არ არის. 2003-2005 წლებში ფერადმა რევოლუციებმა საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, ნაწილობრივ შთააგონა ეგრედწოდებული „არაბული გაზაფხული“, რომელმაც ჯერ კიდევ შეიძლება ყოფილ საბჭოთა იმპერიამდე მიაღწიოს.

ბელორუსია, საერთაშორისო საზოგადოების სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ოპოზიციის სასტიკ დარბევას, რომელიც დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, სერიოზული ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რაც წინასაარჩევნო პენსიების და ხელფასების იმ დონემდე გაზრდამ გამოიწვია, რასაც ქვეყნის ეკონომიკა ვერ დაძლევდა. ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრაციები გრძელდება, თუმცა რომანჩუკი ვარაუდობს, რომ რუსეთი ლუკაშენკოს აღმოუჩენს აუციელებელ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო კომპანიების გაყიდვის სანაცვლოდ, რაც ბელორუსის პრეზიდენტს ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, თავიანთი დაბერებული ლიდერებით და ახალგაზრდა, დიდწილად მუსულმანური მოსახლეობით, ძალიან გავს ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანაში, უზბეკეთში, რადიკალური ისლამიზმი იზრდება, ისლამ კარიმოვის მხრიდან მისი ჩახშობის ავტორიტარული მცდელობების მიუხედავად. 73 წლის კარიმოვი შეიძლება შეიცვალოს არა დემოკრატიით, არამედ არასტაბილურობით ან შესაძლოა ისლამისტური გადატრიალებითაც.



დასავლეთს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უკრაინის და საქართველოს იმედი, მიუხედავად უკრაინული რევოლუციისგან უკანდახევისა და ბრალდებებისა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანტიკორუფციული და საბაზრო რეფორმების მიუხედავად, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ავტორიტარულ მეთოდებს მიმართა.

ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისთვის მზადება ჩაიშალა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გამო. მაგრამ ევროკავშირთან დაახლოებისთვის ქვეყნების ძალისხმევა გრძელდება. პოლონეთი ამზადებს პროგრამას და ექვს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს შესთავაზებს ისეთ თანამშრომლობას, როგორიც პოლონეთს ოცი წლის წინ, რეფორმების სანაცვლოდ შესთავაზეს.

პოლონეთი, რომელიც ამჟამად ევროპარლამენტის თავმჯდომარეა, ცდილობს კიევთან ასოცირებულ წევრობასა და თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულებას. დღეს ეს საკითხი დებატების თემაა იანუკოვიჩის მმართველობის დროს დემოკრატიული მიღწევებისგან უკანდახევის გამო. სიკორსკის მიაჩნია, რომ სავაჭრო ხელშეკრულება ურკაინას რუსეთის ორბიტას ჩამოაცილებს. საქართველოს უნდა მიეცეს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყების შანსი სექტემბერში ვარშავაში დაგეგმილ ევროკავშირის და ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სამიტზე. თუკი აქედან ერთი ქვეყანა მაინც მიაღწევს გრძელვადიან და სტაბილურ დემოკრატიას, ის მაგალითი გახდება სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის.

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ რუსეთი თავს დაანებებს სხვა რესპუბლიკების განვითარების პროცესის გაკონტროლებას. ბელორუსიასთან და ყაზახეთთან რუსეთმა საბაჟო კავშირი შექმნა, რომელიც მომავალ წელს ამუშავდება. პუტინი უკრაინის მოხიბვლას და იაფი გაზით მომარაგების წინადადებებით მის ამ კავშირში შეყვანას შეეცადა.

სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები სიფრთხილით ეკიდებიან პრეზიდენტ ბარაკ ობამას „გადატვირთვას“ რუსეთთან, ასევე წუხან იმაზე, რომ აშშ და ევროკავშირი ზედმეტად გაერთვნენ საკუთარი ეკონომიკური პრობლემებით. ლანდსბერგისის თქმით, ამით ევროპამ რუსეთის ლიდერებს დე-ფაქტო დაუთმო ის, რასაც ისინი ითხოვდნენ: „ინტერესების პრივილეგირებული ზონა“. 1991 წლის პუტჩიდან ოცი წლის შემდეგ, ამან შეიძლება დიდი ხნით შეაფერხოს დემოკრატიის განვითარება.

„რუსეთი ღიად აცხადებს, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ზონის ნაწილია. მაგრამ დასავლეთს უნდა ახსოვდეს, რომ საბჭოთა სლენგით „ზონა“ ციხეს ნიშნავს“, – მიაჩნია ლანდსბერგისს.