საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მომხდარ არცერთ ფაქტზე პასუხისმგებლობას არ გაურბის, შესაბამისად მან ჟურნალისტის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ფაქტი, რომლითაც შეილახა საქართველოს მოქალაქის უფლება, რომელიც მოხდა ჩემი მინისტრობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი სახელი ფიგურირებდა თუ არა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ“.
მისივე თქმით, ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ქართულმა პოლიციამ მიაღწია იმას, რომ მას დღეს მოსახლეობის 80% ენდობა.
„სამწუხაროდ, ბევრი ფაქტი იყო, რომელმაც ჩვენს სამინისტროზე დადებითად არ იმოქმედა, მაგრამ ჩვენ გამოცდა ჩავაბარეთ და დღეს საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, დღეს ქართველ პოლიციელზე ყველა მოქალაქეს საკუთარი ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ქართულ პოლიციას დღეს ნდობის 80%-იანი რეიტინგი აქვს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.