[რეზონანსი ელზა წიკლაური]
თბილისის მერიამ თბილისელებს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა. იმ შემთხვევაში, თუ პირმა ძველი ფანჯრის ახალი ფანჯრით შეცვლა გადაწყვიტა, ნებართვა მერიაში უნდა აიღოს, უნებართვოდ გამოცვლის შემთხვევაში კი შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ნებართვის აღება უფასო იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები გატარდება კანონდამრღვევის მიმართ, ამაზე მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, უცნობია ასევე ფულადი ჯარიმის ოდენობაც.
თბილისის მერიის ინიციატივაზე არაფერი იცოდნენ საკრებულოში. როგორც საკრებულოს ფრაქცია ქდმ-ს წევრი ჯაბა სამუშია აცხადებს, ამის შესახებ საუბარი არც საკრებულოს შესაბამის კომიტეტებში ყოფილა.
"რაც შეეხება ზოგადად ამ დადგენილებას, ასეთი ნებართვა ძველი თბილისისთვის აუცილებელია, მაგრამ არ მესმის, ნებართვა რატომ უნდა აიღონ მიკრორაიონებსა თუ გარეუბნებში მცხოვრებმა ადამიანებმა? თანაც, აქ არის ერთი მომენტი, რა საბუთებს მოითხოვენ ამ ნებართვის ასაღებად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხარჯებს აუცილებლად გაზრდის", - განუცხადა "რეზონანსს" ჯაბა სამუშიამ.
16 აგვისტოდან ძალაში შევიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვით თბილისში საცხოვრებელ ბინებზე ფანჯრების უნებართვოდ გამოცვლის შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება. მერიაში აცხადებენ, რომ დადგენილების პროექტი მერიის მიერ იყო ინიცირებული და მომსახურების გაუმჯობესებას, აგრეთვე, სამშენებლო ნებართვების გამარტივებას ისახავდა მიზნად.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული წესის გამარტივების შედეგად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო საპროექტო ობიექტის მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილს შეითანხმებს, დეტალური შიდა გეგმარების, კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის გარეშე.
ნაგებობაზე ძველი ფანჯრების ახლით შეცვლის სურვილის შემთხვევაში, პირმა მერიას უნდა მიმართოს, რის შემდეგაც 5 დღის ვადაში ნებართვა გაიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდამრღვევს ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს და გაფრთხილების შემდეგ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამ ეტაპზე მერიაში ფულადი ჯარიმის ოდენობაზე არ საუბრობენ.
"რაც შეეხება იმათ, ვინც ერთი თვის წინ, ან უფრო ადრე აივანი ამოაშენა და ფანჯრები დააყენა, ასევე გამოცვალა ფანჯრები და ა.შ. პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და არც ჯარიმის გადახდა მოუწევთ. დადგენილება ძალაში 16 აგვისტოს შევიდა და ნებართვის აღებაც იმ დღიდან გახდა სავალდებულო", - განუცხადეს "რეზონანსს" თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
"მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თბილისელებს ცხოვრება გაუძვიროს. ამას კი აკეთებს ის მერი, რომელიც არჩევნებამდე მოსახლეობის კეთილდღეობაზე ლაპარაკობდა. თბილისის საკრებულო კი მაშინ იკრიბება, როდესაც მერიას რაღაცის გაძვირება აქვს გადაწყვეტილი და მისი უმრავლესობაც ამ ინიციატივას ერთხმად უჭერს მხარს.
ასეთი ქმედებებით კი თბილისის მერია ყველანაირად ცდილობს, რომ თვითმმართველობა არ ჰყავდეს, ეს კი თამამად შეიძლება პოლიტიკურ ეშმაკობად შეფასდეს.
"რაც შეეხება ზოგადად ამ დადგენილებას, მესმის, რომ ნებართვა საჭირო იყოს ძველ თბილისში, რადგან იქ სახლებს ძეგლის სტატუსი აქვთ და მისი ფასადით შეცვლა არ შეიძლება. მაგრამ, როდესაც საუბარია გარეუბნებზე, არ მესმის იქ რატომ უნდა გახდეს საჭირო ფანჯრის გამოსაცვლელად ნებართვის აღება.
"მართალია, ნებართვა უფასო იქნება, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი - რა საბუთებს და დოკუმენტაციას მოითხოვენ ამ ნებართვის ასაღებად. ალბათ, საჭირო გახდება პროექტი, გეგმის მონახაზი, რაც დამატებით ფულს მოითხოვს, ეს კი თბილისელებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს", - განაცხადა სამუშიამ.
ამასთან, სამუშია მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მერიაში ერთი ფანჯრის პრინციპი უკვე დიდი ხანია აღარ მოქმედებს.
"ნებისმიერი სახის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, გართულდა ნებართვის აღება. თუ "ხრუშჩოვკის" აივნის რეკონსტრუქცია გადაწყვიტე, მაშინვე მოვარდება შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი და ათასგვარი საბუთის აღებას მოგთხოვს.
საერთოდ, დღეს მერია ბიუროკრატიულ აპარატად გადაიქცა და ერთი ფანჯრის სისტემა არ მოქმედებს. ან რა ერთი ფანჯრის სისტემაზეა საუბრი, როცა ერთი საბუთის ასაღებად ათასი საფეხურის გავლა გჭირდება. ეს არის პრობლემა და ეს არის ის გაიოლებული ცხოვრება, რასაც მერი თბილისელებს ჰპირდებოდა", - დასძინა სამუშიამ.
1799
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85