ახალგაზრდა ადვოკატები: მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას თბილისის მერია  ეთანხმება და ემიჯნება კიდეც

ახალგაზრდა ადვოკატები: მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას თბილისის მერია ეთანხმება და ემიჯნება კიდეც

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ადვოკატებს“ თბილისის მერია მოკროავტობუსში რადიომაუწყებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.  

განცხადებაში ადვოკატები აღნიშნავენ, რომ თბილისის მერია დედაქალაქის მიკროავტობუსებში რადიოგავრცელების აკრძალვას საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხად არ განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდული გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება სახელმწიფოს ვალდებულებად მიაჩნია.

თბილისის მერიის განმარტებით, სამგზავრო გადაყვანისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში რადიომაუწყებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მერიის მხრიდან, არამედ კონკურსში გამარჯვებული კერძო კომპანიების მიერ.

განცხადების თანახმად, მერიის პირველ წერილში აღნიშნულია, რომ იგი მიღებულ აკრძალვას ემიჯნება და ირიბად მხარს უჭერს ლოგიკას – მიკროავტობუსებში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა, მართალია, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების ხელყოფას, მაგრამ ასეთი  სანქცირება თავად საზოგადოებისთვის კეთდება, საზოგადოება კი ვალდებულია, მსგავსი ნოვაცია, კრიტიკის გარეშე, მორჩილად  მიიღოს.

„საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა კომპანიის რადიომაუწყებლობის შეუფერხებელი ფუნქციონირება და ნებისმიერ მოქალაქეს, სრული შესაძლებლობა გააჩნია, კანონის დაცვით, შეუზღუდავად ისარგებლოს ნებისმიერი რადიომაუწყებლობის მომსახურებით მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით, მათ შორის სამგზავრო გადაყვანისას და ამ უფლების რეალიზებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, კანონის აღნიშნული მოთხოვნა, არ გულისხმობს კერძო მესაკუთრის ვალდებულებას, მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში სავალდებულო წესით აწარმოოს ინფორმაციის გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, (მათ შორის, მაგალითად, ტაქსის მძღოლი) ვალდებული უნდა იყოს საინფორმაციო გამოშვების დროს ჩართული ჰქონდეს რადიომიმღები და უზრუნველყოფდეს ყველა საინფორმაციო გამოშვების მოსმენას, თუნდაც ამის სურვილი არ ჰქონდეს.“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

„მედია ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის აღნიშნული განცხადება მის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გადაწყვეტილების, ერთი მხრივ, გამართლებას, მეორე მხრივ კი გამიჯვნას წარმოადგენს.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაცია ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, თბილისის მერიის პირდაპირი მოვალეობაა. ამიტომაც, დედაქალაქის მთავრობის პირდაპირი პასუხსიმგებლობაა კანონით დაკისრებული ვალდებულებები კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით მიიღოს და გასწიოს ზედამხედველობა, რათა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას სწორედ ის კომპანია იღებს, რომლის გამარჯვებაც, მერიამ გამოცხადებულ ტენდერში უზრუნველყო, მასვე ჩააბარა მუნიციპალური ტრანსპორტის მმართვა და კომპანიასთან ერთად, ორმხრივი ხელშეკრულებით, აიღო პასუხისმგებლობა დაიცვას კანონები და მოქალაქეთა კანონიერი ინტერესები“ - აღნიშნავენ ადვოკატები.

 

მათი შეფასებით, სატრანსპორტო გაერთიანებას არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების შესახებ გაეფორმებია ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვას გამოიწვევდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ თბილსიის მერიას მოახდინოს კანონისმიერი რეაგირება შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებაზე და მხარი დაუჭიროს ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებას. თუკი მერია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების მხარესაა, ხოლო კერძო კომპანია ჯიუტად არ ცვლის მიღებულ გადაწყვეტილებას, თბილისის მთავრობას აქვს უფლება მოახდინოს მუნიციპალურ ტრანსპორტის მმართვასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ან შეჩერება“, - ნათქვამია განცხადებაში.