ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 70%, ნატოში შესვლას კი, 62% უჭერს.
ამასთან, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთი თავის საელჩოებს გაიწვევს, მხარს გამოკითხული რესპოდენტების 55% უჭერს. ასევე, 55%-სთვის მისაღებია რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შეთავაზება, რომლის მიხედვით, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ეს გამოკითხულთა 30%-სთვის მისაღებია და 28%-სთვის მიუღებელი.
„საზოგადოებრივი განწყობის“ კვლევის პრეზენტაცია დღეს, NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა, რომლის ფარგლებშიც 6 299 მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.