საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ წარმომადგენლებმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს ფონდის გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ქომაგის“ თავმჯდომარის ია მეტრეველის განცხადებით, ფონდის გარშემო რამდენიმე თვეა მასშტაბური რეპრესიები მიმდინარეობს და შესაბამისად, მისი თქმით, „ქომაგი“ იმ საქმეს ვერ ასრულებს, რისთვისაც ის შეიქმნა.
„ფონდი ვერ ასრულებს იმ საქმიანობას, რომლისთვისაც შეიქმნა. გარდა იმისა, რომ ფონდის ანგარიშები დაყადაღებულია, ის ადამიანები, ვისაც თანხა ჩაერიცხათ, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათ ანგარიშები გაუყინეს, მათ შორის, პირადი ანგარიშებიც. ვერც ერთი ჩამოსული სტუმარი პრეზიდენტის სასახლიდან ვერ დაინახავს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია. ფონდს, რომელიც შეიქმნა ადამიანთა დასახმარებლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური მხარის იარლიყი „მიარტყა”. ვინაიდან, “ქომაგმა” საქართველოში სამართლებრივად ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, გვსურს, ყველას ამ არაკანონიერ დაყადაღებებზე გავაგებინოთ”, - განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, კონფერენციის მიზანს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმ უკანონობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც ხელისუფლება და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფონდი „ქომაგისა“ და მასთან დაკავშირებული ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში ახორციელებს.