NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა მოსაზრებით, ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“, „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - მთავრობის, ხოლო „მაესტრო“, „კავკასია“ და „მე-9 არხი“ ოპოზიციის ინტერესებს ატარებენ.
ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
კითხვაზე - ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს გადაცემები საქართველოში პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სატელევიზიო არხებზე, გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ მთავრობის ინტერესს ატარებს, მეორე ადგილზეა „იმედი“ – 62%-ით, მესამეზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - 54%-ით და მეოთხეზე „აჭარა TV“ 25%-ით.
რაც შეეხება ოპოზიციის ინტერესების გატარებას, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, „მაესტრო“ 39%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა 28%-ით „კავკასია“ და მესამეზე „მე-9 არხი“ 19%-ით.
ამასთან, „რუსთავი 2“-ს სრულად გ ამოკითხულთაგან 2%, „იმედს“ - 1% და „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ 1% ენდობა, „მე-9 არხს“ - 8%. „მესტროს“ – 2%, „კავკასიას“ – 1%.
ასევე, კვლევაში ცალკე გრაფაა „ვენდობი“, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ს 24% ენდობა, „იმედს“ - 23%, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ - 17, მაესტროს - 11%, „მე-9 არხს“ - 4%, „კავკასიას“ – 8%.
აღნიშნული კვლევა საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში საქართველოს მაშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.