პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების და კონკრეტულად, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის გამოკითხულთა 27% მზადყოფნის შეფასებისას აცხადებს, რომ შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ასეთ არაზუსტ ინფორმაციაზე დილეტანტიზმია.
ცინცაძის განცხადებით, NDI -ის მიერ კვლევის დროს დასმული შეკითხვები არასწორი ფორმულირებითაა წარმოდგენილი და აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევების დროს პასუხის 70% კითხვის დასმითაა ინსპირირებული.
„ერთია გამოკითხვის დროს მოსახლეობის მზადყოფნა ქუჩაში გასვლაზე და მეორეა მართლა ქუჩაში გასვლა. საინტერესოა, არჩევნების გაყალბებაზე ამ 27% -ს რა არგუმენტი სჭირდება. კითხვები არაა დასმული ასე: იმ შეთხვევაში, თუ მოსახლეობა დარწმუნდა, რომ არჩევნები გაყალბდა ანუ თუ გაყალბების შესახებ განაცხადეს საერთაშორიოს ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დამკვირებლებმა, აშშ-ის დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ეუთომ მაშინ ეს ერთია და მეორეა გაყალბების შესახებ ივანიშვილმა, კუკავამ და ბაღათურიამ თქვას“, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ მას წაგებული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების არ სჯერა.
ცინცაძის თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება იტყვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, მაშინ ეს მართლაც, ფეთქებად სიტუაციას შექმნის, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ამისთვის სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო და არა არჩევნებში წაგებული, გაწბილებული რომელიმე მხარის განცხადება.
„წაგებული მხარის განცხადებების როგორც წესი, არავის სჯერა. ის ყოველთვის სუბიექტურია და არასოდეს არაა მიუკერძოებელი. ამიტომ მოიგონა დემოკრატიულმა საზოგადოებამ მეთვალყურეთა და დამკვირებელთა ინსტიტუტი“, - განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციების დრო საქართველში უკვე წავიდა.
„ეს პერიოდი ჩვენთან საბედნიეროდ ისტორიას ჩაბარდა. ახლა, მთავარი საზრუნავია დამკვირებლებმა კეთილსინდისიერად იმუშავოს“, - განაცხადა ცინცაძემ.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევების მიხედვით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ქუჩაში გამოკითხულთა 27% გაყვება. „იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობას აქციისკენ მოუწოდებს, კვლევის მიხედვით დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, 53-მა უარყოფითი, 19%-მა კი არ იცის“,- განაცხადა NDI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ.