კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, სოზარ სუბარის შეფასებით, NDI -ის კვლევის ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ის „ნაგლეჯ-ნაგლეჯ“ აქვეყნებს შედეგებს და არა სრული სახით. ამის შესახებ სუბარმა From.ge-სთან საუბარში NDI -ის კვლევის შედეგების შეფასებისსას განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის რომ კონკრეტული აზრი გაგიჩნდეს აღნიშულ შედეგებთან დაკავშირებით, აუცილებელია მისი სრული სურათის გააზრება.
„ამის შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლება თუ ყველა სხვა მონაცემებს ვნახავ და კვლევის საერთო სურათს დავინახავ. სხვა დროსაც, როცა NDI-ის კვლევის ობიექტურობასა და სანდოობაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა ვიცოდეთ, რომ საჭიროა ამ შედეგების სრული სახით გამოქვეყნება და არა ნაგლეჯ-ნაგლეჯ. ეს არ არის მისი მხრიდან სწორი მიდგომა და დამოკიდებულება“, - განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის თემაა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).