[მერაბ ბრეგაძე]
რუსეთის სანიტარული სამსახური ქვეყნის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ შესაძლო დაშვების საკითხს განიხილავს. მთავარი სანიტრის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, „სამსახურში „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმართვაა შესული, რომელსაც ამ დროისთვის სწავლობენ“.
„ჩვენ ყოველთვის ვახდენდით იმის დემონსტრირებას, რომ თუ მომართვა იქნებოდა, საკითხს ტექნოლოგიურ რეჟიმში განვიხილავდით.“
მისივე თქმით, რუსი ექსპერტები იმ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ, რომლესაც „ბორჯომის“ რუსეთში შეტანა სურს.
კითხვაზე, რამდენად რეალურია „ბორჯომის“ რუსეთში კვლავ გამოჩენა, ონიშჩენკომ უპასუხა: „სხვაგვარად, რისთვის ვხდებოდით ერთმანეთს - უბრალოდ სასაუბროდ? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არიან ისინი სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის“.
კომპანია „ბორჯომში“ კი, ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე საშუამავლო კომპანიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
„ჩვენთვის უცნობია ვინ მართავს, ან რა მოლაპარაკებებს მართავენ. ერთადერთი რისი თქმაც დაზუსტებით შემიძლია, ისაა, რომ კომპანიის თანხმობის გარეშე „ბორჯომი“ რუსულ ბაზარზე ვერ შევა“, - განუცხადა „პირWელს“ კომპანიის პიარ-მენეჯერმა ნიცა ჩოლოყაშვილმა.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა „ბორჯომი საქართველოს“ მიერ რუსული მხარისთვის რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის დაბრუნების თხოვნით მიმართვაც უარყო.
თავის მხრივ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელიც „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ რუსეთის სანიტარულ სამსახურთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, ამტკიცებს, რომ რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს საშუამავლო კომპანიები აწარმოებენ, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს:
„მათი სახელების გაჟღერებისთანავე, ხელისუფლების მხრიდან ამ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდება“.
ამ ფონზე, რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ვმო–ში (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ, რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნება შესაძლოა, საქართველოსთვის ძალიან მცირე „კომპენსაცია“ იყოს.
როგორც რუსული გამოცემა „Новые известия“ იუწყება, რუსი ექსპერტები „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების ფაქტს წლის ბოლომდე რუსეთის მსო-ში გაწევრიანების მოლოდინს უკავშირებენ, რომელსაც ამ დრომდე თბილისი ბლოკავს.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის სანიტარული სამსახური ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობაში გაცვლას ცდილობს.
„თუმცა „ბორჯომზე“ ემბარგოს მოხსნა შესაძლოა, მცირე საფასური იყოს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ქართული ღვინი რუსეთში ისევ აკრძალულია და ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა“, - წერს გამოცემა.
ამასთან, რუსი ექსპერტები „ბორჯომის“ შიდა ბაზარზე დაბრუნებას სასარგებლოდ, თუმცა რთულ საკითხად მიიჩნევენ.
საინვესტიციო კომპანიის ექსპერტის მაქსიმ კლიაგინის განცხადებით, რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველომ ახალი ბაზრების ათვისება ეფექტურად შეძლო:
„გამაგრილებელი სასმელების ბაზარი რუსეთში 2 მლრდ დოლარადაა შეფასებული, ამასთან, ყოველწლიურად ის 15%-ზე ნაკლებად არ იზრდება. ამიტომ საქართველო ამ მაღალკონკურენტულ სექტორზე დაბრუნებას დიდი ინვესტიციების, მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებების გატარებით შეძლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომ რუსული ბაზრის დაკეტვის შემდეგ, სადაც ის თავისი მინერალური წყლების ექსპორტის 60%-ს ახორციელებდა, ამ ფაქტის კომპენსირება ეფექტურად შეძლო“.
ექსპერტი ანდრეი იაკოლევი კი, რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნებას საღ აზრად აფასებს და დასძენს, რომ ორივე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრამავებითაა დაინტერესებული, ემბარგო კი წმინდა პოლიტიკური ღონისძიება იყო.
კიდევ ერთი ექსპერტი, პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის ანალიტიკოსი დიმიტრი აბზალოვი რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წყლის დაბრუნებას ეჭვის თვალით უყურებს და ამის მიზეზად საქართველოს მიერ ახალი ბაზრების ათვისებას ასახელებს:
„იმის გათვალისწინებით, რომ ებარგოს შემდეგ ქართველებმა ახალი ბაზრები აითვისეს, „ბორჯომის“ დაბრუნების საკითხის გადაწყვეტილება რთული იქნება. მოსკოვს შესაძლოა, ეს მოუნდეს, მაგრამ თბილისს - არა“.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, „მსო-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობა დამოკიდებულია არა იმდენად მინერალურ წყალზე ემბარგოს მოხსნაზე, რამდენადაც მოსკოვის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში გარკვეულ დათმობაზე წასვლაზე, მაგრამ კრემლი ამისათვის აშკარად არ არის მზად“.
შეგახსენებთ, რომ ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ ხარისხის პრეტენზიით რუსეთის ბაზარზე 2006 წელს აიკრძალა. ამ დროისთვის, რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახური „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.