დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა აზრი უარესობისკენ შეიცვალა.
ამის შესახებ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
კითხვაზე "არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?" გამოკითხულთა - 38%-მა "დიახ", 43% კი "არა" უპასუხა. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს შედეგი არის მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, რომლის დროსაც ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხი 49%-მა, ხოლო უარყოფითი პასუხი 34%-მა გასცა.
წარმოდგენილი კვლევა 4-22 ივნისის ფარგლებში ჩატარდა და საქართველოს მაშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.
აღნიშნული შედეგები დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.