საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. მისი თქმით, საქართველოში მომავალ არჩევნებს მათი მხრიდან 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.
ზანიერიმ მთავრობასა და ოპოზიციას დიალოგისა და საარჩევნო პერიოდში თანაბარი სათამაშო პირობებისკენ მოუწოდა.
„მივესალმები ხელისუფლების მოწვევას, რომ ODIHR-ის დამკვირვებლები იყოს გამოგზავნილი. არჩევნებს ჩვენი მხრიდან 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. დღეს დილით გვქონდა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შუადღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვხვდები. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააჟღერეს საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის თანაბარი პირობები შექმნილი მართლმსაჯულების თვალსაზრისით და დისპროპორციული დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხარდამჭერებთან მიმართებაში. ამ თემის განხილვას ნამდვილად ვაპირებ, თუმცაღა, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიდიოდეს, რათა მოხდეს ამ აღნიშნული შემთხვევების გაანალიზება. ეს ყველას ინტერესებშია, რომ იყოს უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო პირობები საარჩევნო პერიოდში. ჩვენ ეუთო-ს მხრიდან დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები დემოკრატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ჩატარდება. საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება, უფრო გამჭვირვალე იქნება და შედეგები ამომრჩევლების ნებას რეალურად ასახავს“,- განაცხადა ზანიერიმ.