თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფონდი „ქომაგისა“ და მისი შემომწირველის ბიძინა გიორგობიანის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
გიორგობიანის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„მათ მიერ წარმოდგენილი მასალები იყო არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელი, შესაბამისად გადაწყვეტილებაც უკანონო იყო“, - განაცხადა From.ge-სთან საუბარში სოსო ბარათაშვილმა.
დღესვე მან სასამართლო პროცესზე საქმეში მტკიცებულებების ჩამატების შუამდგომლობა დააყენა, მისი თქმით, ეს ის დოკუმენტები იყო, საიდანაც დასტურდება, რომ „ქომგის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა არა ბიძინა გიორგობიანის პირადი ანგარიშიდიან, არამედ, გერმანული ფონდის „აღმოსავლეთ ევროპა მედია და საზოგადოების“ ანგარიშიდან.
გარდა ამისა, მის მიერ წარმოდგენილი იქნა ამონაწერი საერთაშორისო საბანკო ანგარიშიდან და ასევე, საგადასახადო დავალება. მოსამართლემ, მანანა ჩოხელმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დოკუმენტი საქმის მასალებს დაურთო, თუმცა საბოლოო ჯამში მან არ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი და შესაბამისად, ძალაში დარჩა ფონდ "ქომაგის" დაყადაღებისა და ბიძინა გიორგობიანის 952 000 ლარით დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სოსო ბარათაშვილის თქმით, სარეზოლუციო ნაწილის მიღებისთანავე ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტარბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ჯერ გასაჩვრების ვადა გვაქვს, როგორც კი ავიღებთ სარეზოლუციო ნაწილს, მაშინვე გავასაჩივრებთ“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.
ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონდმა ბიძინა გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.