2009 წლის მაისში, ევროკავშირმა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ერთად წამოიწყო აღმოსავლეთის პარტნიორობა - ევროკავშირსა და ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის ამბიციური მიზნით. ამოქმედების დღიდან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ გარდაქმნის გზაზე პარტნიორების ხელშეწყობითა და მათი რეფორმების პროცესების მხარდაჭერის მეშვეობით აღმოსავლეთის პარტნიორობამ დაადასტურა, რომ ის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა.
ჩვენი პარტნიორები თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის რთული გზის ძალიან განსხვავებულ ეტაპებზე არიან. ასევე განსხვავდება მათი მიზანდასახულობა ამ მიზნის მისაღწევად. მიუხედავად ამისა, თვით მიზანი მკაფიო რჩება.
როგორ ხდება ჩვენს მიერ ამ რეფორმების წახალისება?
ჩვენ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ასოციაცირების შესახებ შეთანხმებების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTAS) შესახებ ეთანხმებების თაობაზე, რომელსაც შეუძლია გახსნას კარი ევროკავშირის შიდა ბაზარზე 500 მილიონი მომხმარებლით. ბაზრის გარდა ყურადღება მობილურობის ხელშეწყობასაც ექცევა.
ევროკავშირი პარტნიორებს მოქალაქეთა მიმოსვლის გაუმჯობესების პერსპექტივას სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ეტაპობრივად მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მეტი პირდაპირი კონტაქტი და აზრთა გაზიარება მოქალაქეებს შორის შეიძლება უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახდეს.
მთლიანობაში ჩვენი ხედვა გულისხმობს ერთიან სივრცეს, სადაც ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეს არის ამბიციური ხედვა, რომელიც საჭიროებს მდგრად რეფორმებს პარტნიორების მხრიდან და ასევე მტკიცე ვალდებულებას ევროკავშირის მხრიდან. ამავე დროს, ეს არის მოქნილი ხედვა, რომელიც ყველა კარს ღიას ტოვებს მომავალი ურთიერთობებისათვის.
დღეისათვის რა არის მიღწეული?
ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ექვსი პარტნიორიდან ხუთთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამ წლის დასაწყისში მოხდა ევროკავშირის და უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით და დაიწყო. მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსა და სომხეთთან.
რაც შეეხება მობილურობას, ჩვენ წინსვლა გვაქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. ივნისში ჩვენ დავიწყეთ სავიზო დიალოგი საქართველოსთან და ვმოძრაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე მოქმედებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს ფორუმს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გამოცდილების გაცვლისათვის.
ამასთან, ჩვენ ისე ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომ იგი გადის მხოლოდ მთავრობასთან ურთიერთობების მიღმა და ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან მხარეებს, მათ შორის -ეროვნულ პარლამენტებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას და საქმიან წრეებს.
პარტნიორი ქვეყნების მიერ განხორციელებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირი მნიშვნელოვან დაფინანსებას უზრუნველყოფს. 2010-13 წწ. გამოიყო დაახლოებით 1.9 მილიარდი ევრო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობისათვის - მათ შორის € 350 მილიონის ოდენობის ახალიდაფინანსება.
ჩვენი გაღრმავებული თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ეფუძნება პრინციპს "მეტი მეტი სანაცვლოდ": მეტი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნის მიერ დემოკრატიული რეფორმების გზაზე მეტი წინსვლის სანაცვლოდ. ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ დაწყებული ახალი პროგრამა EaPIC (აღმოსავლეთის პარტნიორობის ინტეგრაცია და თანამშრომლობა) აღმოსავლეთის პარტნიორებისათვის "მეტი მეტი სანაცვლოდ" პრინციპს კონკრეტული დაფინანსების შესაძლებლობებში ასახავს.
EAPIC ღიაა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის, მაგრამ ის შერჩევით იქნება გამოყენებული. პროგრამა EAPIC-ის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 130 მილიონ ევროს 2012-2013 წლების განმავლობაში.
რაც შეეხება საქართველოს, "მეტი მეტი სანაცვლოდ" პრინციპი აღიარებს მთავრობის მიერ მიღწეულ წინსვლას რეფორმების და კარგი მმართველობის მიმართულებით. კონკრეტულად, ეს აისახება 2012 წელს 22 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაში. შემდგომი წინსვლის მიღწევის შემთხვევაში, განსაკუთრებით შემოდგომაზე გამჭვირვალე და
სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, 2013 წელს კვლავ იქნება განხილული საქართველოსათვის "მეტი მეტი სანაცვლოდ" მხარდაჭერა.
რა ერთობლივი გეგმები გვაქვს წინ?
15 მაისს ევროკომისიის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთის პარტნიორობის საგზაო რუკა. მისი მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის საქმიანობის გაძღომა და მონიტორინგი 2013 წლის ნოემბერს ვილნიუსის მომდევნო სამიტამდე. ამჟამად
ჩვენ ველოდებით აღმოსავლეთის პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც მოგვიანებით ამ თვეში უნდა გაიმართოს და სადაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთად, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდებიან იმაზე, რომ საგზაო რუკა წარმოადგენს ჩვენ საერთო ინსტრუმენტს ჩვენი პარტნიორობის განვითარების დღის წესრიგში.
აღმოსავლეთის პარტნიორობის საგზაო რუკა არის საჯარო დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეუძლია იმის მონიტორინგი, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენ - ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნები – ჩვენი ვალდებულებების შესაბამის ნაწილს. ამ მხრივ, განსაკუთრებით საქართველოში, ძალიან აქტიურია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი და მისი ეროვნული პლატფორმები.
და ბოლოს, ნება მომეცით დავუბრუნდე ვითარების კონკრეტულად საქართველოში. დემოკრატია ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისათვის. როდესაც ცოტა ხნის წინ კეტრინ ეშტონი და მე შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩვენ მივესალმეთ ბოლოდროინდელი რეფორმის მიღწევებს საქართველოში, და კერძოდ, მივულოცეთ პრეზიდენტს ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. თუმცა, ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით, რომ საჭიროა ვითარების გამოყენება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და საქართველოს ინქლუზიური ეროვნული განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში - ჩვენ გვსურს, რომ საარჩევნო პროცესმა დააკმაყოფილოს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები, მაგრამ ასევე იყოს "ღრმა დემოკრატიის" ნიმუში, როდესაც უზრუნველყოფილია მედიის ხელმისაწვდომობა ყველა კანდიდატისათვის და გარანტირებულია პრესისა და შეკრების თავისუფლება და იქმნება გარემო, რომელიც გამოსადეგარია საკითხებზე, და არა პროცესებზე, საბრძოლველად.
მე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში პატივი სცენ საარჩევნო პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება უპირველეს ყოვლისა იმ პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შესახებ რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვისაა სასიკეთო.
მყარი დემოკრატიული საძირკველით საქართველოს აქვს ყველა შანსი დააჩქაროს წინსვლა ასოცირებისაკენ, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოიტანს.