გორის რაიონის სოფელ ნიქოზში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოყვა. ადგილობრივთა ნაწილი იქ მისულ კოალიციის წარმომადგენლებს სოფლის დატოვებას თხოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინფო9" ავრცელებს. სააგენტოს ჟურნალისტის ცნობით, განსაკუთრებით სოფლის რწმუნებული და მისი ახლობლები აქტიურობდნენ.
კოალიციის წარმომადგენელი, კახა კალაძე აღნიშნულ ქმედებას და პროტესტის ნიშნად გამოხატულ სხვა ფორმებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციად აფასებს. მან ნიქოზში მომხდარი ფაქტი მერეთში მომხდარ სიტუაციას შეადარა და და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ბინძური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება იყო.
„ ეს არის ამ ხელისუფლების ბინძურის პოლიტიკის გამოხატულება. ამას რამდენიმე თვეა უკვე აქტიურად ახორციელებს. ძალიან გული მტკივა ამ ახალგაზრდების გამო, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, ის ვინც ამ დავალებებს იძლევა, ის ადამიანები ოქტომბერში გაიქცევიან, რადგან ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ, აქ აღარ ეცხოვრებათ. ამ ახალგაზრდებს კი, რომლებიც დღეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, კანონის წინაშე მოუწევთ პასუხის გება“, - განაცხადა კალაძემ.