კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ალტერნატიული „კარდაკარის 85 % დასრულებულია. ამასთან დაკავშირებით კოალიციის წევრმა და კამპანიის ერთ ერთმა ორგანიზატორმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, კარდაკარის პროექტის რეალიზაცია 2 კვირის წინ დაიწყო, დღევანდელი მდგომარეობით, კი პროცესი თავიდან ბოლომდე დასრულებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, გურიაში, სამივე საარჩევნო ოლქში, იმერეთის 12 ოლქიდან 11-ში, გარდა ქუთაისისა და აღნიშნა, რომ საველე სამუშაოები სამეგრელოშიც დასრულდა.
„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საველე სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში. ასევე გუშინ დავიწყეთ სიების გადამოწმება ბათუმში. ბათუმი აჭარის რეგიონში ბოლო ოლქია, რისი გადამოწმების შემდეგაც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აჭარის შვიდივე ოლქი დასრულებული იქნება", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ეტაპზე უკვე კონკრეტული მიღებული მონაცემების კომპიუტერული დამუშავება მოხდება, რის შემდეგაც ისინი უკვე სიებში არსებული გარღვევების კონკრეტულ ციფრებზე ისაუბრებენ.
„ამ სიების კომპიუტერული დაზუსტების შემდეგ ამომრჩეველს ერთიან სიებში არსებული უზუსტობის შესახებ კონკრეტულ მონაცემებს გავაცნობთ. უკვე გადამოწმებულ ოლქებში გამოვლენილია დარღვევის ყველა სახე, რაც შეიძლება, გამოვლენილიყო - ეს არის სიებში მიწერილი, გარდაცვლილი, დუბლირებული, გამორჩენილი ამომრჩევლები", - განაცხადა მან.
ქუცნაშვილის განმარტებით, კვლავ ფიქსირდება რეგისტრატორების მიმართ ზეწოლის ფატქები. მისი თქმით რამდენიმე დღის წინ კაჭრეთში კარდაკარის ერთი, კასპში კი ორი მონაწილე უსაფუძვლოდ დააკავეს.
თუმცა, ქუცნაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ გასულ კვირას, მათ მომხრეებზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა შესუსტდა, „რაც სამთავრობო ცვლილებებით გამოწვეულ დაბნეულობას უკავშირდებოდა“.
„1 აგვისტოსთვის სიების სრული დამუშავება დასრულდება, რის შემდეგაც ის ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადაეცემა“ , -აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, „კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა სიის დაზისტების გარდა, ამომრჩეველთა აქტიურობისა და განწყობის გაზომვას შეძლებს.