დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის კომისარს, შტეფან ფულეს შეხვდებიან. მასთან შეხვედრას „ქართული ოცნები“-ს წარმომადგენლებიც აპირებენ, რომელიც ცალკე გაიმართება.
როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იქნება.
მისი განმარტებით, კომისარს ყველა იმ პრობლემის შესახებ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას რასაც მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ სუბიექტების მისამართით აქვს ადგილი.
„ეს იქნება სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცესები, ჯარიმები, ჩვენი მომხრეების პოლიტიკური ნიშნით დევნა, სამსახურებიდან დათხოვნა, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე თუ აქციებზე ზონდერ ბრიგადების გააქტიურება. ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და ა.შ. ანუ ყველა ის კანონდარღევა, რასაც ადგილი აქვს ჩვენი მომხრეების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის თვალსაზრისით“, - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, გარდა ამისა, საუბარი საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული იმ სხვა საკითხებსაც შეეხება, რასაც კოალიცია პრობლემატურად მიიჩნევს.
„ეხლა გორში ტარდება აქცია და ჩვენ გვინდა, რომ ყველანაირად მოხდეს ამის პრევენცია. გვინდა საშუალება გვქონდეს წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩავატაროთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
შტეფან ფულესთან შეხვედრა ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.