კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონი დღეს 18:00 საათზე დასრულდება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის გამო მის ქონებას ყადაღა დაადო და აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100% და „პროგრესბანკის“ 21,7% გაიტანა.
„ქართუ ჯგუფის“ აქციათა საწყისი ფასი 75 მლნ 940 ათას 330 ლარი, ხოლო „პროგრეს ბანკის“- 1 მლნ 783 ათას 249 ლარია. "ქართუ ჯგუფში" კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ქონება გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე დასახელებულია.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წესდებით, თუ სააღსრულებო წარმოება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმდინარეობს და პირველ აუქციონზე გამარჯვებული პირი არ გამოვლინდა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ამ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოს გადაეგზავნება.
ცნობისთვის, თუ აუქციონზე გატანილი წილები ამ ჯერზე არ გაიყიდა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ის სახელმწიფოს გადასცეს საკუთრებაში ან ფასი გაანახევროს და აუქციონი ხელმეორედ გამოაცხადოს.