დასაქმების სამინისტროში სამი უწყება შეიქმნება. ამის შესახებ "საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" მიღებული მთავრობის დადგენილებიდან გახდა ცნობილი.
ახალი სამინისტროს ეს უწყებები იქნება - უმუშევართა აღრიცხვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისგან და სახელმწიფო ორგანოებთან და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
აქვე ცნობილი გახდა, რომ დასაქმების მინისტრს ორი მოადგილე ეყოლება, საშტატო ერთეული კი 30-ით განისაზღვრა.
დასაქმების სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანებია: უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; უმუშევრობის დაძლევის მიზნით ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შრომის ბაზრის იმ სექტორების გამოვლენა, სადაც არსებობს ან შესაძლებელია შეიქმნას ვაკანსიები; უმუშევრობის სისტემური და უმუშევართა რაოდენობის სტატისტიკური კვლევა; დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა და აპარატის საქმიანობის თაობაზე ფართო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება.