„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფის "საიდუმლო" მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს-მ აღნიშნული საქმე უნდა გაასაჯაროოს და საზოგადოებას გამოძიების მასალები გააცნოს.
„ფოტორეპორტიორები პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა სააგენტოებში აგრძელებენ, "ფოტორეპორტიორების საქმეში" კვლავ უამრავი კითხვა რჩება, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელია ისეთ პირობებში, როცა საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ რეალურად ამ საქმეში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია თავიდანვე არ არსებობდა და გამოძიების წარმართვა გრიფით "საიდუმლო" მხოლოდ მტკიცებულებების არარსებობის მისაჩქმალად იყო საჭირო.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ შსს-მ აღნიშნული საქმე უნდა გაასაჯაროოს და საზოგადოებას გამოძიების მასალები გააცნოს. ამავე დროს, აუცილებელია, ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და საქმის ფაბრიკაციისათვის კანონის წინაშე პასუხი აგონ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა; ფოტორეპორტიორებს კი უკანონოდ დაკისრებული პირობითი მსჯავრი მოეხსნათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, ფოტოკორესპონდენტები: "ასოშეიტედ პრესის" ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რომლებიც პირობითი სასჯელის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.