პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს თავისუფალი არჩევნების მისაღწევად ერთობლივ ბრძოლის წარმოებას სთავაზობს. ამ ინიციატივით, პარტიის ლიდერი კახა კუკავა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შემომწირველები, რომლის ოდენობამ სულ 284.845 ლარი შეადგინა. მისივე განმარტებით, „თავისუფალი საქართველოს“ წევრებთან ერთად, იმავე დღეს დაჯარიმდა კოალიცია „ქართული ოცნების“ 12 წევრი და აღნიშნული ქმედება ბოკუჩავა-მოგელაძის უწყების მიერ რეალური ოპოზიციური პარტიების დევნად შეაფასა.
„შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების რეალურ მიზანს წარმოადგენს ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის აკრძალვა, რამეთუ არსებულ პირობებში შეუძლებელი ხდება ოპოზიციური პარტიების დაფინანსება და შესაბამისად მათ მიერ საარჩევნო კაპმანიის წარმოება“, - განაცხადა მან.
კუკავას თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ პარტიების დაფინანსების ახალ წესებთან დაკავშირებით უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ პარტია აპირებს შესაბამისი მიმართვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სახალხო დამცველსაც გადაუგზავნოს.
„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს, ვინაიდან ხელისუფლების ზეწოლით საქართველოში რეალური ოპოზიციის არსებობა საფრთხის ქვეშ დგას, დროებით გვერდზე გადავდოთ პარტიული ინტერესები და თავისუფალი არჩევნების მისაღწევად პროცესები წარვმართოდ ერთობლივად. მივიჩნევთ, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლის მექანიზმი, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ შეწყვიტოს ანტი-დემოკრატიული ქმედებები და განსხვავებული შეხედულბის სუბიექტებს მისცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა“, - აღნიშნა კუკავამ.
პარტია მიიჩნევს, რომ ეს პროცესი გახდება ერთგვარი ლუსტრაციის მექანიზმი და საზოგადოებას ნათლად დაანახებს, რომელი ძალებია საქართველოში რეალურად ოპოზიციური და რომელი პარტიები წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს.