ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს და მნიშვნელოვანს უწოდებს.
დარჩიაშვილის თქმით, ის რაც განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია და რაც გააკეთა ევროპარლამენტმა, ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც ამას იმეორებს.
„ეს არის სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური საფუძველები, რაც ჩვენ რუსული ოკუპაციის შედეგებთან დაკავშირებით გაგვამარჯვებინებს “, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს პოლიტიკურმა კომიტეტმა მონაკოში დღეს გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში არსებული მდგომარეობა“ უკვე მიიღო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველად გამოიყენა ტერმინი „ოკუპაცია“. საუბარი ეხება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას და დევნილთა უპირობო დაბრუნებას. ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპანტებისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებულ იქნა ეთნოწმენდა. მიღებულ რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ეუთო-ს დამკვირვებლების შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.