ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფო 9-ს წარმომადგენელთა მიმართ ბოლო დროს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით საიამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებისადმი განხორციელებული ქმდებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები ოპერატორების მიერ გადაღებულია და ვიდეო მასალებითაც მტკიცდება.
„აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებს კამერით დაჰყვებიან მათთვის უცნობი პირები, რომლებიც „მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებად აცნობენ თავს, უსვამენ შეკითხვებს პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების სფეროდან. ასეთ პირობებში ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ უცნობი პირები ამგვარი ინტენსიური ქმედებებით სცილდებიან გამოხატვის თავისუფლებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრებიან სხვის პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში, რაც მათი შეფასებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება ნორმალურ სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებმა დაიცვან ეთიკური სტანდარტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.