პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური სასამართლოს მიერ, „კონსერვატიული პარტიის“ სამართალდამრღვევად ცნობასა და პარტიის წარმომადგენლებზე დაკისრებულ ჯარიმას სრულ განუკითხაობად აფასებს და აცხადებს, რომ ყველა „კონსერვატორს“ ჰქონდა უზრუნველყოფა იმ თანხის გადასახდელად, რომელიც პარტიაში შემოწირულობის სახით შემოიტანეს.
ძიძიგურის განცხადებით, ასეთი ქმედება პარტიის წარმომადგენლებს პირველად არ განუხორციელებიათ. შესაბამისად ის აღნიშნავს, რომ წლებია არსებობს „კონსერვატიული პარტია“ და წლებია არჩევნებსაც ასე ატარებენ.
„ჩვენ პარტიის წევრებს პარტიის ანგარიშზე სამოძრაო თანხა შეგვაქვს ხოლმე. ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა“, - განაცხადა ძიძგურმა.
მისი თქმით, სასამართლოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებს აუცილებლად გააცნობენ.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა უცხოელ წარმომადგენლობას ვინც კი, საქართველოში არჩვენების კანონიერებითა და დემოკრატიულად ჩატარებითაა დაინტერესებული სასამართლოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსამართლობას ყველას გავაცნობთ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სასამართლო ორი უსინდისო ორგანოა, რომლებიც ერთმანეთთან უნისონში წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ“, - განაცხადა ძიძგურმა.
ძიძიგურის მტკიცებით, „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს, როგორც გუჯაბიძეს, ისე ბუკიას რამაზაშვილსა და ბაციკაძეს სასამართლოში ყველა დოკუმენტაცია მათ შორის, ნოტარიულად გაფორმებული და დაწესებული ჰქონდათ წარდგენილი, თუმცა მისი თქმით, ამას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.
„ასეთი ტიპის პოლიტიკურ ტერორს ჩვენ შეგვიძლია ძალიან ღირსეულად დავხვდეთ და ღირსეულად ვუპასუხოთ. ვნახოთ, საქართველოს მოსახლეობა ვის გაამართლებს. ამ შემთხვევაში, მთავრი არბიტრი საქართველოს მოსახლეობაა და არა სააკაშვილის ჯიბის სასამართლო“, - განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელი სამართალდამრღვევად სცნო და, შესაბამისად, შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 77.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარი, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სამართალდამრღვევებმა აღნიშნული თანხა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.