„ბიძინა ივანიშვილის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, მას სააკაშვილის მონოპოლიის ჩანაცვლება სურს“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი შეუნიღბავად ისწრაფვის მონოპოლიის შესანარჩუნებლად, მსგავსი მისწრაფებები კოალიცია „ქართულ ოცნებასაც“ აღმოაჩნდა. ჩიხრაძის განმარტებით, ეს კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირველივე განცხადებებიდანაც ჩანს და აღნიშნა, რომ ეს დროულად უნდა იქნას შეჩერებული.
„ პოლიტიკის პოლარიზებამ უკვე კარგა ხანია, გამოიწვია მედიის პოლარიზებაც და მედიაშიც ნაცვლად დებატებისა და პროგრამებით ბრძოლისა, მიდის ხელჩართული ბრძოლა წესების გარეშე. მონოპოლიების პრობლემა პოლიტიკაში განაპირობებს მონოპოლიებს ბიზნესში. "მემარჯვენეები" ვიბრძოლებთ, რომ საქართველო გათავისუფლდეს ყველა მონოპოლიისგან და ცალკე სუბიექტებს თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მოგვეცეს", - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაცვლად იმისა, რომ არჩევანის საგანი ყოფილიყო უკეთესი ხედვა, პროგრამული ალტერნატივა, პროგრესულობა, დღეს უკვე იკვეთება ორი მხარის მისწრაფება, რომ საზოგადოებას შესთავაზონ არჩევანი უზომო ძალაუფლებასა და უზღვავ ფულს შორის.
„შესაბამისად, ასევე, მონოპოლიურადაა გადანაწილებულ მედიასაშუალებები, საიდანაც ნაცვლად დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატებისა, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ კამათს, კინკლაობას და მტრის ხატის შექმნას და ამომრჩეველს არ ვაძლევთ საშუალებას გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, - აცხადებს ჩიხრაძე.
ამასთან, ჩიხრაძემ ყურადღება იმ ფაქტთან დაკავშირებითაც გაამახვილა, რომ "მემარჯვენეების" მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები არასრულად შუქდება, მედია სუბიექტები მხარეებად მოიხსენია და მათ მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდა.
„თუ ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა არადემოკრატიული, ჩამორჩენილი ქვეყნების რიგში ვიხილოთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქარველოსთვის იქცეს შანსად და არა გადაულახავ წინააღმდეგობად, საჭიროა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული მდგომარეობიდან, უზრუნველვყოთ რეალური თანაბრობა საარჩევნო პროცესში და დაუყოვნებლივ დაიწყოს საგნობრივი, პროგრამული სატელევიზიო დებატები, რათა წინასაარჩევნო პროცესი უპირობოდ მშვიდობიან კალაპოტში წარიმართოს და არჩევნებით რეალურად დავამთავროთ ერთპარტიული მონოპოლიური მმართველობა, განვახორციელოთ სისტემური ცვლილებები და დავამკვიდროთ რეალური მრავალპარტიულობა ქვეყანაში“, - დასძინა მან.