სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ უცხოელ აქციონერთა ადვოკატებმა, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ქართუ ჯგუფის“აუქციონზე გატანისა და მისი აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
ადვოკატების, კრისტოფორუს ბასილიადესისა და მაიკლ პიტაკისის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სს „ქართუ ჯგუფის“ აქციონერი არ არის და მას არანაირი კავშირი არ გააჩნია სს „ქართუ ჯგუფის“ აქციონერებთან.
შესაბამისად, ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ აუქციონზე სს „ქართუ ჯგუფის“ 16 აქციონერის აქციების გაყიდვა. რადგან მათი თქმით, ეს სხვისი ქონებაა.
„ქართუ ჯგუფის“ აქციონერთა ერთ ერთი ადვოკატის, ბასილიადესის განცხადებით, სს „ქართუ ჯგუფს“ სულ 16 აქციონერი ყავს.
„აქედან 14 აქციონერი უცხოური კომპანიაა, ხოლო დარჩენილი 2 აქციონერი ქართული კომპანიები, მათი მესაკუთრე კი იმ 14 კომპანიაში შემავალი მხოლოდ ერთი კომპანიაა. ამდენად, ჩვენ შგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ მთლიანად წარმოვადგენთ სს „ქართუ ჯგუფის“ მესაკუთრეთა ინტერესს“, - განაცხადა მან.
ადვოკატების განმარტებით, ისინი საქართველოში „ქართუ ჯგუფის“ აქციონერებმა - უცხოელი კომპანიების დირექტორებმა გამოაგზავნეს, რადგან შეიტყვეს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება 2012 წლის 10 ივლისს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის აუქციონზე გაყიდვას აპირებს.
მათივე თქმით, 2012წლის 30 აპრილამდე, „ქართუ ჯგუფის“ აქციონერები იყვნენ: ფინსეკ ლიმიტედი, კარპან მენეჯმენტ ლიმიტედი, კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედი, სარგანს ლიმიტედი და ასევე 2 ქართული კომპანია, რომელთა მესაკუთრეც ფინსეკ ლიმიტედი იყო.
მათივე თქმით, 2012 წლის 30 აპრილს, ფინსეკ ლიმიტედმა მთლიანად გაასხვისა თავისი აქციები: ბენფილდ ინვესტმენტ ლიმიტედზე, სანვორს ჰოლდინგ ლიმიტედსა და ჩარვუდ ფაინენს ლიმიტედზე.
ამის შემდგომ, 2012 წლის 30 აპრილს, კარპან მენეჯმენტ ლიმიტედმა თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა: ბრეკლენდ ჰოლდინგ ლიმიტედზე, როპვინდ ინვერტმენტ ლიმიტედზე, ალერდალ ინვესტმენტ ლიმიტედზე, ლავენი ჰოლდინგს ლიმიტედზე, პადბური ჰოლდინგს ლიმიტედზე და დროფილდ ინვესტმენტ ლიმიტედზე.
თავის მხრივ კი, 2012 წლის 30 აპრილს კრისტა ინვესტმენტ ლიმიტედმა თავისი აქციის ნაწილი გაასხვისა ფელვეი ჰოლდინგს ლიმიტედზე და ასევე ამავე წლის 30 აპრილს სარგანს ლიმიტედმა თავისი აქციების ნაწილიც მარსტენ ჰოლდინგ ლიმიტედზე გასხვისება მოახდინა.
შესაბამისად ადვოკატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არცერთი ზემო აღნიშნული კომპნიის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი არ არის. მათი განმარტებით, ამ კომპანიის უკან სხვა მესაკუთრე და სხვა აქციონერია.
ადვოკატების განცხადებით, ივანიშვილს არ ეკუთვნის სს „ქართუ ჯგუფის“ არცერთი აქცია. იგი ასევე არ ფლობს არავითარ წილს „ქართუ ჯგუფის“ უცხოურ კომპანიებში და ამრიგად, „ქართუ ჯგუფის“ აქციები არანაირად არ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.
შესაბამისად, ადვოკატები ირწმუნებიან, რომ იგი არ არის არც „ქართუ ჯგუფის“ და არც „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე.
ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს მათ განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, მაშინ ეს უცხოელი ინვესტიციების ექსპროპრიაციად შეფასდება და აღნიშნეს, რომ უცხოელი ინვესტორები და კომპანიები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ დავას დაიწყებენ.