4 წლიანი სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის მამა ომარ ქუცნაშვილი საპატიმროდან გათავისუფლებულია.ომარ ქუცნაშვილი ციხიდან დღეს გაათავისუფლეს.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ომარ ქუცნაშვილი საზოგადოების წინაშე 2 დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ წარსდგება და ამასთანავე განცხადებასაც გააკეთებს.
„ოთხწლიანი უსამართლობა დღეს დასრულდა. მამა გაათავისუფლეს. 4-წლიანმა ტანჯვამ ოჯახს მიაყენა მორალური და მატერიალური ტრავმა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი განმარტებით, ომარ ქუცნაშვილის დაპატიმრება უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით მოხდა.
„მამას დაკავება შეკვეთილი იყო, და პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა, დამკვეთის სახსრების მითვისების ნაწილში გაამართლეს, მაგრამ პატიმრობა რომ შეენარჩუნებინათ, დამნაშავედ სცნეს ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადებაში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ომარ ქუცნაშვილს, რომელიც შპს "გეოინჟინერინგს" ხელმძღვანელობდა, ბრალად თავდაპირველად დამკვეთის სახსრების მითვისება და ამისთვის დოკუმენტების გაყალბება ედებოდა. საუბარია მდინარე გლდანულაზე გაზის გამტარი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ქუცნაშვილის კომპანიას შეუკვეთეს.