აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავატის“ ლიდერის ისა გამბარი დარწმუნებულია, რომ ილჰამ ალიევი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.
„საზოგადოებრივმა პალატამ არაერთხელ გამოაცხადა, რომ ალიევმა კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურა აღარ უნდა დააყენოს. ეს საზოაგდოებრივი პალატის ოფიციალური პოზიციაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ალიევი ასეც მოიქცევა. მსოფლიო სწრაფად იცვლება. ამას მხოლოდ ბრმები და იდიოტები ვერ ხედავენ. ალიევების რეჟიმის დროს აზერბაიჯანში არცერთი დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა. კანონში არჩევნების შესახებ ცვლილებები აუცილებლად უნდა შევიდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება არჩევნებს რაიმე მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ვცდილობთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში გარდატეხის შეტანას, მაგრამ ჯერ დემოკრატიული რეფორმები უნდა გავატაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე“,- აცხადებს „მუსავატის“ ლიდერი.
ისა გამბარის აზრით, აზერბაიჯანის სახელისუფლო წრეებში არის ხალხი, რომელსაც ესმის, რა შეიძლება ელოდოს საბოლოო ჯამში დიქტატორულ რეჟიმებს.
„ყველამ იცის რა შეიძლება ელოდოს საბოლოო ჯამში დიქტატორებს, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობენ ხელისუფლებაში ოთხი ათეული წელი დარჩნენ. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს დასავლეთს დაანახოს, რომ ალიევის რეჟიმი არაბული რეჟიმებისგან განსხვავებით, ევროპული დემოკრატიისა და განვითარების მომხრეა“,-აცხადებს გამბარი.