პარიზის მაღალი მოდის კვირეულის წარმატებული დეფილეს შემდეგ მოდის სახლი Valentino გაიყიდა.
ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია Permira-მ Valentino 600 მილიონ ევროდ გაყიდა. მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება. მოდურ წვეულებებზე ამბობენ, რომ ეს გარიგება ორივე მხარისთვის მომგებიანია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორებმა, დიზაინერებმა მარი გრაცი კიურიმ და პაოლო პიჩოლიმ ბრენდს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. რის შედეგადაც, Valentino-ს 2011 წლის შემოსავალმა 22,2 მილიონი ევრო, გაყიდვების საერთო მაჩვენებელმა კი, 322,4 მილიონი ევრო შეადგინა.
პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში მოდის სახლმა სეზონის ახალი „შემოდგომა-ზამთარი 2012/13“-ის კოლექცია წარმოადგინა. მოდის კრიტიკოსებმა დიზაინერების ახალი ნამუშევარი დადებითად შეაფასეს და ის წლის ყველაზე ელეგანტურ, დახვეწილ და დრამატულ კოლექციად აღიარეს.
Valentino 1959 წელს დიზაინერმა ვალენტინო გარავანიმ და ბიზნესმენმა ჯანკარლო ჯამეტიმ დააარსეს. დროთა განმავლობაში ის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მოდურ ბრენდად იქცა. გარავანი და ჯამეტი მოდის სახლს 1998 წლამდე ფლობდნენ, ვიდრე ის 300 მილიონ ევროდ არ გაყიდეს.
მოდის სახლის მუდმივი კლიენტები იყვნენ: ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი და ა.შ.
2011 წლის ბოლოს, არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავად, მოდის სახლმა Valentino ვირტუალირი მუზეუმი გახსნა.