[მანანა ნოზაძე]
წიწამურის ტრაგედიის დღეს, 30 აგვისტოს, მართლმადიდებლები თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ. ამის შესახებ პრესაგე.ტვ-სთან საუბარში სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა, ორგანიზაცია „წმინდა გიორგის სადროშოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, მამა ელიზბარ დიაკონიძემ აღნიშნა.
მამა ელიზბარის თქმით, ცინიკურია, რობერტ სტურუას არ ედგომებოდეს თეატრში, ხოლო ნიკა რურუა კულტურის მინისტრის სავარძელში იყოს მოკალათებული.
- შეიძლება, კულტურას მართავდეს ყოვლად უკულტურო კრიმინალი, რომელსაც შესაძლოა, „წიქარაც“ არ აქვს ბოლომდე წაკითხული?! როდესაც „ქეთო და კოტეს“ დგამ, როდესაც მსოფლიო დონის ვარსკვლავ ნანი ბრეგვაძეს სცენაზე კოსმიურ ანტენებს ადგამ თავზე, შენ კულტურა არ გაქვს და ამ ერს, ხმამაღლა განცხადების უფლება, რომ ის კულტურული ერია, არ აქვს. არის თუ არა ეს, ქართულ კულტურაზე და საერთოდ, ყოველგვარ ეროვნულზე დარტყმა? როგორ შეიძლება სცენაზე 80 წელს მიღწეული ადამიანი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ანტენებით დარბოდეს და ამას კულტურული ერი ერქვას?
ხელისუფლებამ დაასახელა მიზეზი, რატომაც მოხსნეს თანამდებობიდან რობერტ სტურუა, - „ქსენოფიბიური“ და „არმენოფობიური“ გამონათქვამების გამო.
- მოდით, ასე ვთქვათ, „ფობია“ ნიშნავს შიშს, „ქსენო“ არ ვიცი, რას ნიშნავს. მაგონდება იპოლიტე ხვიჩიას გმირი: „კოლექტივი ქე ვიცი რა არი, მარა „იზაცია“ რაღა არიო?“ რაღაც არ მჯერა, რობერტ სტურუას ვინმესი ეშინოდეს. მეც მადანაშაულებდა ვინმე სტეფანიანი ჯერ არმენოფობიაში, მერე ქსენოფობიაში. არავის ფობია მე არ მაქვს, სამწუხაროდ, ესენი, სუყველანი, ფობიებით თავად არიან შეპყრობილნი. ეს ქსენოფობია კი არ არის, მამულისა და სამშობლოს სიყვარულია.
მაინტერესებს, ვკითხო იმ სომხებს და, გნებავთ, ამ ვაიქართველებს, სომხეთში კულტურის მინისტრად ჰყავთ ქართველი ან სხვა ეროვნების რომელიმე წარმომადგენელი? სომხეთში რომელიმე რესტორნის გამგედ მუშაობს ქართველი კაცი? ამდენად, სომხები არ არიან ქსენოფობები? გამოდის, ისინი ეროვნული ხალხია, ხოლო მე თურმე ქსენოფობი ვარ. რაც გინდათ, ის დამარქვით, მე ჩემი სამშობლო მიყვარს. მე განცდა დამრჩა ჩემი სამშობლოს სიყვარულის და, სანამ პირში სული მიდგას, ვერავის დავუთმობ.
რობერტ სტურუას პოლიტკორექტულობა დაუწუნეს. ამ ცნობილი რეჟისორის თეატრიდან გაშვებაში რა როლი მიუძღვის ხელისუფლებისადმი მის არცთუ ლოიალურ სპეტაკლებს?
- როგორ ფიქრობთ, ახლა საქართველოში, მით უმეტეს, სახელისუფლო ორგანოებში მოიპოვება იმ დონის სპეციალისტი, რომელიც დაიწუნებდა რობერტ სტურუას შემოქმედებას უკეთესის მოლოდინში?! განა შეიძლება, ამ მინისტრმა საერთოდ რაიმე დაიწუნოს? ადამიანს, რომელსაც ანტენებდადგმული ნანი ბრეგვაძე მოსწონს, მას შეუძლია რობერტ სტურუა დაიწუნოს? რადგან ამხილა და ქართველი ერი გვამხილა რობერტ სტურუამ, რომ ჩვენ იმდენად უგვანო ერი გამოვდექოთ, სომეხი დავისვით თავზე და გვმართავენ სხვისი ხელის ბიჭები, ეს მხილება არ აპატიეს.
ერთგან ვთქვი, ცოტნე დადიანის გმირობისგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ ნამდვილად სომხურია ჩვენი ხელისუფლება და მისი ყველა შთამომავალი. ვინც პრეზიდენტის მაამებელია და, ვისაც სჭირდება სომეხი ჩვენს პრეზიდენტად, ის ითბობს ხელს.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ საქართველოში სიტუაცია გარეგინ მეორის ვიზიტის შემდეგ აირია და სომხების თემით სპეკულირებაც მას შემდეგ გახდა აქტუალური. თქვენ როგორ მიიჩნევთ?
- რა თქმა აუნდა, სიტუაცია გარეგინის ჩამოსვლის შემდეგ რომ აირეოდა, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რადგან გარეგინმა სომხეთიდან ჩამოიტანა ინვესტიციები საქართველოს მოსასპობად. პერუში რომ ბრძანდებოდა ჩვენი პრეზიდენტი, როგორ ფიქრობთ, იმ პერუს ინდიელების ბედით შეწუხებული კაცია? მანამდე მიიღეს აქ, საქართველოში, რელიგიური კანონპროექტი. იცით, რატომ? თურმე პერუს ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ბელადმა სთხოვა, მაგ კანონს თუ არ მიიღებ, ოჯახში არ შეგიშვებ ჩემთანო. ვიმეორებ, სომხეთიდან დიდი ინვესტიციები ჩამოვიდა ჩვენს დასამარცხებლად, რასაც პრეზიდენტისვე სიტყვებით ვუპასუხებ: ვერ მოგართვით.
მამა ელიზბარ, თქვენ წმინდა გიორგის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვთ. რა მოტივით?
- ეს ხელისუფლება დადის და ძეგლებს ამოიდებს იღლიაში, აქედან იქით გადაიტანს და ასე გრძელდება უსაშველოდ. ქუთაისში მოხსნეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. არადა, თუკი რომელიმე ძეგლს უნდა ვებრძოდეთ და არ უნდა იდგეს, ეს გახლავთ თავისუფლების მოედანზე აღმართული ვინმე მხედრის ძეგლი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ წმინდა გიორგის ძეგლად მოგვასაღა. მე მას მონუმენტსაც ვერ ვუწოდებ. სინამდვილეში, ეს არ არის წმინდა გიორგის ძეგლი. თუკი ვინმე მეტყვის, ჩვენ ხომ გვაქვს მეფეთა ძეგლები, ამ ძეგლმა რაღა დაგვიშავაო, ვუპასუხებ, დიახ, წმინდანების ძეგლები გვაქვს, ისინი ჩვენი მეფეები არიან, მაგრამ წმინდა გიორგი გახლავთ მათი წინამბრძოლი. მისი მეშვეობით მოიგო ყველა ომი ყველა მეფემ საქართველოსამ. ამდენად, წმინდა გიორგის ძეგლი არ უნდა იდგას იქ.
მაშინ, ვისი ძეგლი უნდა იდგას თავისუფლების მოედანზე?
- თავისუფლების მოედანზე უნდა იდგას თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი. აგერ, უახლოესი ომი შინდისში, 17 გმირის ძეგლი უნდა იდგეს იქ. ამ მიზნით ჩვენ 30 აგვისტოს წმინდა ილია მართლის საფლავთან, მთაწმინდაზე, აქციას ვაწყობთ. მთელი საქართველოს მასშტაბით ვთხოვთ ყველა ქართველს, მობრძანდეს 12 საათზე. მთაწმინდიდან დავეშვებით თქვენგან ხსენებულ ძეგლთან და მოვითხოვთ მის დემონტაჟს, იქ გამოყენებული ოქროთი ქვაშუეთის გუმბათის მოპირკეთებას, ხოლო იმ ადგილზე თავისუფლებისთვის თავდადებული ბიჭების ძეგლის აღმართვას. ამ მიზნით შეგროვილი მაქვს ხელმოწერები. ამისთვის საჭირო იყო 30 ათასზე მეტი ხელმოწერა, და ამ დროს კი მხოლოდ ერთ ქალაქში, ქუთაისში, 30 ათასი ხელმოწერა გაკეთდა. როგორც ვიცი, შვიდი კილოგრამი ოქრო დაიხარჯა ამ ძეგლის მოსაპირკეთებლად.
მაქვს წინადადება, მოვხსნათ ოქრო. ახლახანს ჩვენ ჩამოვიარეთ დასავლეთ საქართველო და დავდექით დილემის წინაშე, რადგან მთელი საქართველო ერთხმად აღიარებს, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა დარჩეს ჩვენი ქვეყნის სათავეში.
რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც 30 აგვისტო?
– 30 აგვისტო გახლავთ წმინდა ილიას მკვლელობის დღე. 104 წელიწადია სირცხვილი ვჭამეთ და არ ჩამოგვირეცხავს. ამიტომ ეს სირცხვილი უნდა განვიცადოთ ილია მართლის საფლავთან და მერე ვებრძოლოთ ვინმეს. ჯერ ჩვენს საკუთარ თავს ვებრძოლოთ, რათა ჯეროვანი ხელისუფალი გვყავდეს. უნდა ვიმსახურებდეთ კარგ ხელისუფალს და მოგვივა კიდეც. დღეს ხალხში შიშია ჩაბუდებული. ეს შიში უნდა აღმოიფხვრას. უფრთხილდებიან, სისხლი არ დავღვაროთო. რა თავში ვიხლი იმ სისხლს, რომელიც სატანის მონობაში უნდა დავხარჯო? სიკვდილის თუ გვეშინია, რა ნამუსით ვამბობთ მაშინ „სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი?“
ვისი ინიციატივით იკრიბებით 30 აგვისტოს?
– წმინდა გიორგის სადროშოს ინიციატივით. ჩვენი ყველა წევრი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს, ეროვნებას არ ვაქცევთ ყურადღებას, მართლმადიდებლობაა ამოსავალი წერტილი.
თბილისის შემდეგ დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისშიც გადაიტანეს. როგორც ჩანს, განსაკუთრებით დავით აღმაშენებელის ძეგლებს ერჩიან. ამას რით ახსნით?
– ახლა რასაც გეტყვით, ამას სულ ბრჭყალებით ვამბობ: „ეს გახლავთ ხელისუფალი, რომელმაც დაიჩოქა წმინდა დავით მეფის საფლავთან და მას თავის გულში აღუთქვა, ბოლომდე ამოგთხრი“. ხმამაღლა რა თქვა, იმას არ აქვს მნიშვნელობა, არამედ გულში ჩათქმულს ახორციელებს კიდეც. სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლს ან სურათს მოჰკრავს თვალს, ცდილობს, თვალები ამოკაწროს. ბატონი რეზო ამაშუკელი ამბობდა, მალე, საფლავიდან ამოთხრისო. ასეც იქნება.
რატომ მაინცდამაინც დავით აღმაშენებელს?
– იმიტომ, რომ უდიდესი მეფეა. გამარჯვებულს ვერ იტანს, სტალინის ძეგლს რას ერჩოდა? განა მარტო დავით აღმაშენებელი? სტალინიც ჩამოაგდო. იმ ადამიანს, რომელმაც სადმე რაიმე ომი მოიგო, ვერ იტანს, რადგან ამან ყველაფერი წააგო. ამან საკუთარი შვილები წააგო, მომავალი არ დაუტოვა ახალგაზრდობას. „სნიკერსებით“ და რაღაც ოხრობებით გამაძღარი ტიკინები დატოვა. ჩემს შვილებს რას უზამს, როცა საკუთარ შვილებზე არ ზრუნავს? კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს ძალიან, ამერიკულ ფილმებში მინახავს და წიგნებშიც წამიკითხავს, ვამპირები დღის შუქს გაურბიან, ეს ხელისუფლებაც ვამპირების მსგავსად, ღამით მიადგება ძეგლებს და კორტნის.
ძეგლის გადატანა ქუთაისლებს სურდათო, ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტეს.
– მე თვითონ ქუთაისიდან გახლავართ. თავის დროზე, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლს უწინდელ ადგილას დგამდნენ, ქუთაისის მოსახლეობას სურვილი ჰქონდა, ეს ძეგლი მდგარიყო დავით აღმაშენებლის გამზირის თავში, ახლანდელი ცნობილი კიბეების თავზე, სადაც ახლა გადააქვთ. თუ მოსახლეობის პოზიციის გაზიარება უნდოდათ, მაშინვე შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მაშინ ასე არ მოქცეულან... თუ ვინმეს ძეგლია დასამხობი, პირველ რიგში, ეს წმინდა გიორგის ძეგლია, რომელიც, სინამდვილეში, სულაც არაა წმინდა გიორგი.
წმინდანების ძეგლის აღმართვის კათოლიკურ ტრადიციას გულისხმობთ?
– დიახ, ეს საერთოდ არაა ძეგლი, ჯოხზე დაყენებული გველეშაპი ჩანს ქვემოდან. წმინდა გიორგი არსაიდან ჩანს, ესენი ეთაყვანებიან გველეშაპს და რაკი ასეა, იყონ გველეშაპთან, ჩვენ კი მოვხსნათ ეს გველეშაპი.