კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, შპს „ბურჯის“ დაჯარიმება უკანონოდ მოხდა. ამის შესახხებ მან დღეს კოალიციის ოფისში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს კონტრაქტული ხელშეკრულება შპს „ბურჯთან“, რომლის მომსახურებისთვისაც კოალიცია გარკვეულ საფასურს იხდის.
„ეს დაჯარიმება არის აბსოლუტურად უკანონო. ჩვენ ჩვენს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით ყველა ვალდებულება გვაქვს დაფარული. ეს არის შეთითხნილი საქმე, რაც იმით მტკიცდება, რომ კონტროლის პალატამ ამ საქმისთვის შეადგინა ყალბი დოკუმენტი და საქმეში ჩაამატა. ეს ყალბი დოკუმენტი ჭირდებოდათ იმისათვის, რომ გაემართლებინათ თავიანთი უკანონო ქმედება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებას განზრახული აქვს, რომ საქმე გამოძიებისკენ არასამართლებრივად წაიყვანოს. მისივე თქმით, ეს უკანონობაა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.