მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოში დღეიდან სამუშაოს მაძიებელთა ნებაყოფლობითი აღრიცხვა დაიწყო. პროგრამა 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებს.
დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ იმ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის წვევამდელებს და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში,პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს და სკოლის მოსწავლეებს. დარეგისტრირება 15 წლიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა უნდა ჰქონდეთ.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ნებაყოფლობითი და უფასო უნდა იყოს. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას, სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიიღოს.
პროგრამის ფარგლებში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმები დაიბეჭდება. კითხვარებს მოქალაქეებს ადგილზე შეავსებინებენ. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. ამის შემდეგ უკვე სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მასში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული სამინისტროებისა თუ უწყებებისთვის. აღნიშნული პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განხორციედლება და მის ბიუჯეტს შესაბამისი მუხლიც დაემატება.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე უნდა მიაწოდოს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა/აბონენტთა სია.
რაც შეეხებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი პროგრამაში ჩართვის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია უნდა მიაწოდოს.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ეფექტური შესრულებას სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა უნდა შეუწყონ ხელი.
დასაქმების მსურველთა ბაზა საბოლოოდ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.