პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ბრალდებებს პასუხობს. ამასთან დაკავშირებით ის განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიერ ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა განადგურება მიდის და თან აჩქარებული ტემპით.
„შუშის შენობაში ოპოზიციასთან შეხვედრისას სააკაშვილმა "ამრევი" მიწოდა... რურუამ კი, მატყუარა და დესტრუქციული" ვეთანხმები ორივეს... ამ წყობის მიმართ მართლაც ამრევიც და დესტრუქციულად განწყობილი ვიქნები... მეტადრე დღეს, როცა თბილისში ჩამოსვლისას კაზინო შანგრილა სიონის გვერდით განათებული დავინახე, ჩემი ნარიყალას ხედის წინ უაზრო ტელეფერიკი და კიდევ გაუგებარი იუსტიციის შენობა და გუდიაშვილზე კი, დანგრეული ლიტერატურული საქართველოს სახლი დამხვდა", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერს სალომე ზურაბიშვილს "მატყუარა" უწოდა.
მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით განცხადება საკუთარი facebook-ით რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა და ხელისუფლება კულტურულ-ისტორიული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებაში, არაკომპეტენტურობასა და უგუნურობაში დაადანაშაულა.