ქრისტიან-დემოკრატები დარწმუნებული არიან, რომ მომავალ პარლამენტში მინიმუმ 12 დეპუტატს გაიყვანენ. გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ივანიშვილის გუნდთან კონკურენციის არ ეშინია.
დატოვებს თუ არა ივანიშვილის გუნდი პარლამენტს მიღმა ქდმ-ს?
From.ge გიორგი ახვლედიანს ესაუბრა:
ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო სია როდის იქნება ცნობილი?
ამ თვის ბოლოს ჩამოვყალიბდებით.
თქვენ გლდანში იყრით კენჭს?
პარტიის სახეები მაჟორიტარობის კანდიდატები ვიქნებით.
პირადაპირ მიპასუხეთ, თქვენ გლდანში იყრით კენჭს თუ არა?
შეიძლება გლდანში ვიყარო კენჭი, შეიძლება სხვა რაიონში, საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი.
გიორგი თარგამაძე რომელიმე რაიონში იყრის კენჭს?
არა, პარტიის ლიდერი ერთ რომელიმე საარჩევნო უბანზე ვერ მიებმება, მისი ფუნქცია იქნება ყველა რაიონში შეძლებისდაგვარად ჩასვლა და საარჩევნო კამპანიის წარმართავა.
რამდენი ადამიანის გაყვანას აპირებთ მომავალ პარლამენტში?
ჩვენ ამაზე არ ვმარჩიელობთ.
მაშინ კონკრეტულად დაასახელეთ რიცხვი.
არსებობს სოციოლოგიური კლვევის მონაცემები, ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი მერყეობს 10-14%-ის ფარგლებში.
ესე იგი, 10-12 დეპუტატის გაყვანას ვარაუდობთ?
კი, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცენტის მომატებას შევძლებთ.
ანუ 12 ადამიანზე მეტის გაყვანას შესძლებთ?
დიდი იმედი მაქვს.
მაშინ როდესაც ივანიშვილის გუნდი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს კონკურენციის არ გეშინიათ?
კონკურენცია არსებობს, თუმცა, რომ გითხრათ, რომ ძალიან მეშინია- ასე არ არის. ქრისტიან-დემოკრატიული საქართველოს სურვილის მქონე ადამიანები მყარად არიან დარწმუნებული თავიანთ მიდგომებში.
როდესაც ივანიშვილის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებთ, თქვენს ელექტორატს ხომ ჰკარგავთ?
ქრისტიან-დემოკრატები ბიძინა ივანიშვილის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს არ ვაკეთებთ. გარკვეულ პოლიტიკურ ხედვებზე კამათი მიდის. არასწორი მიდგომაა, როდესაც საუბრობენ, რომ საქართველოში ყველას დააზღვევენ, ბიუჯეტმა ფული რატომ უნდა ხარჯოს სააკაშვილის, მერაბიშვილის და მილიარდერების, თუნდაც ივანიშვილის ოჯახის დაზღვევაზე? ბიუჯეტმა ის ადამიანები უნდა დააზღვიოს ვინც არ მუშაობს. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ კონფლიქტური სიტუაციის ჩამოყალიბების მომხრე ივანიშვილთან მიმართებაში. 2008 წელს, როდესაც ივანიშვილს მთელი ოპოზიციური სპექტრი აგინებდა და ლანძღავდა იმის გამო, რომ ის ოპოზიციას ფულს არ უხდიდა, ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელიც ამბობდა, რომ ასე არ შეიძლება. მაშინ ვამბობდით, იმის გამო, რომ ფულს არ გიხდის, არ შეიძლება ადამიანის ლანძღვა.
გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის ფანია. ასეთი განცხადება რატომ გააკეთეთ?
სასაცილო მდგომარეობა მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ხელისუფლებაში მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი და თუ ის გადადგება დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, ვანო მერაბიშვილიც კარგი ბიჭია და დანარჩენებიც.
სად თქვა ეგ ივანიშვილმა? მსგავსი რამ არ უთქვმს...
ვანო მერაბიშვილი და მისი პოლიტიკა თუ მისაღებია ივანიშვილისთვის, მაშინ მისი ხელმძღვენელობით მთავრობაც ძნელი გასაკრიტიკებელი იქნება. ეს მისი საქმეა. ივანიშვილისთვის სააკაშვილია პრობლემა და არა ის არასწორი და დამღუპველი პოლიტიკა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ატარებს.
ხომ შეიძლება, რომ ივანიშვილის გუნდმა ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტს გარეთ დაგტოვოთ?
არანაირად, ჩვენ რეალობა კარგად ვიცით. როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა ეს პიროვნება მითოლოგიზებული იყო. შარშან ზაფხულში 16-17% რეიტინგი გვქონდა, ახლა 12-13% გვაქვს.
ასე თუ დაეცა თქვენი რეიტინგი, ხომ შეიძლება საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახოთ?
არა, ასე არ დაეცემა. როდესაც ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, მასთან მიმართებაში უზარმაზარი მოლოდი არსებობდა, მაგ დროს ჩვენმა რეიტინგმა კლება დაიწყო, შემდეგ ეს ყველაფერი გამოსწორდა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც სხვა. კი, ბევრი ფული აქვს, მაგრამ შეიძლება ქვეყნის სათავეში პოლიტიკურ ფიგურად ბევრს არ უნდოდეს. ბევრს ის არ მოეწონა, ილია და აკაკი ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია.
ეგ ბევრ პოლიტიკოსს გეშლებათ
მერე მაგის პრობლემა ვისაც აქვს, ყველამ კარგად იცის. ბიძინა ივანიშვილი ოთხი მეოთხედის თუ ხუთი მეოთხედის აღებას რომ აპირებს მომავალ პარლამენტში არარეალისტური მიდგომაა.