„მწვანე ალტერნატივა“ აქციას - „არა დიდ კაშხალებს“ გამართავს

„მწვანე ალტერნატივა“ აქციას - „არა დიდ კაშხალებს“ გამართავს

„არა დიდ კაშხალებს“ - ამ სახელწოდების აქცია ვაკის პარკში დღეს მწვანე ალტერნატივის ინიციატივით გაიმართება.

აქცია გასაბერი კაშხლის ფონზე გაიმართება, სადაც მოეწყობა ფოტოგამოფენა და ნაჩვენები იქნება საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად დასატბორი ადგილები.

„მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა პრობლემაზე, თუ რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს დიდი კაშხლების მშენებლობა ქვეყნის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. 

"რეგიონებში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება, მათ შორის დიდი ჰესებისაც - ხუდონი, ნამახვანის კასკადი, ნენსკრა, აჭარისწყლის კასკადი. მსოფლიოში კარგა ხანია დიდი კაშხლები აღარ ითვლება სუფთა ენერგიის წყაროდ. მათ მშენებლობას თან სდევს ტყეების გაკაფვა, ადგილობრივი მცხოვრებლების გადასახლება; სოფლების, სავარგულებისა და კულტურული ძეგლების დატბორვა; მდინარისა და ადგილობრივი ეკოსისტემის განადგურება და კლიმატის გაუარესება", _ აცხადებენ "მწვანე ალტერნატივაში".

ცნობილია, რომ აქციაზე დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდება.

აქციას სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციები - „კავკასიური სახლი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „უსაფრთხო სივრცე“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან.

 

აქციის საშუალებით, "მწვანე ალტერნატივა" და ღონისძიების თანაორგანიზატორები ხელისუფლებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ინვესტორებს მოუწოდებენ, შეაჩერონ დიდი კაშხლების მშენებლობების მხარდაჭერა და სანაცვლოდ, წვლილი შეიტანონ ქვეყნის ენერგოსექტორის დივერსიფიცირებაში და უფრო მდგრადი ენერგეტიკული ალტერნატივის განვითარებაში.