წმინდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ავჭალაში, იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა შესრულდა. წირვა ეპისკოპოსმა იაკობმა შეასრულა. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდა და პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, თუ საქართველოს გადარჩენა გვინდა.
უწმინდესმა ბრძანა, რომ წმიდა იოანე ნათლისმცემელი დიდი მოღვაწე და მლოცველი იყო.
„ჩვენ კი რას ვაკეთებთ? როგორ ვცხოვრობთ? სად არის ჩვენი სულიერი ცხოვრება? ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვართ მართლმადიდებლები, მოღვაწეები, სინამდვილეში ძალიან შორს ვდგავართ ჩვენ სულიერი ცხოვრებიდან. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ იმდენად მოწყალეა უფალი, რომ უფლის სიყვარული და წყალობა ფარავს ჩვენს ცოდვებს და იგი შეგვინდობს. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ისე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და დავეხმაროთ თუ გვინდა ცხოვრება, თუ გვინდა საქართველოს გადარჩენა. ასე გადარჩება სრულად საქართველო. წმიდა იოანე ნათლისმცემელი ჩვენთან ერთად არის, ჩვენთან ერთად აღავლენს ლოცვებს ჩვენთვის და საქართველოს გადასარჩენად. შეგეწიოთ წმიდა იოანე ნათლისმცემელი“, - ბრძანა უწმინდესმა.