„ბურჯის“   საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფურცელი ჩაამატა

„ბურჯის“ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფურცელი ჩაამატა

შპს „ბურჯის“ ადვოკატმა ალა კახნიაურმა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებაზე კონკრეტულად,  „ბურჯის“ სამართალდარმღვევად ცნობაზე  და მისი ანგარიშების დაყადაღებაზე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის ქონება და ანგარიშები გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე დააყადაღა .

ალა კახნიაურის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის მიერ მიწოდებულ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში  ფურცელი ჩაამატა, სადაც „ბურჯის“ მიერ გაწეული თანხების რაოდენობა და „ქართული ოცნების“ ოფისების მისამართები არარეალურია.

კახნიაურმა აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური 2012 წლის ივნისიდან ითხოვდა შპს „ბურჯისგან“,  რომ მიეწოდებინა 2012 წლის 1 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, თუმცა უწყებას ამის უფლება არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ის  კომპანიების პარტიებთან ურთიერთობის მონიტორინგს აწარმოებს და არა სრულიად კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს.

„ჩვენი აღნიშნული განმარტება აუდიტის სამსახურმა ისე მიიჩნია, რომ მოთხოვნაზე უარი ვუთხარით და საქმე სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც „ბურჯმა“ სწრაფი ტემპით დაიწყო ამ დოკუმენტაციის გადაღება და აუდიტის სამსახურისთვის წარდგენა. 2012 წლის 25 ივნისს მომზადდა დოკუმენტაციის, კერძოდ იანვრის საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც სიმცირის გამო დაინომრა ნაწილობრივ. სულ წარდგენილ იქნა 1051 გვერდი, თუმცა დოკუმენტში ერთი ფურცელი ჩაამატეს. 29 ივნისს, როცა შპს "ბურჯის" დირექტორი, ნოე ქინქლაძე დაიბარეს ახსნა-განმარტების მისაცემად, მეც დავესწარი პროცედურას. ნათია მოგელაძემ უსაყვედურა ნოე ქინქლაძეს აღურიცხავი დოკუმენტაციის წარდგენის გამო და დაავალა ადგილზე დაენომრა დოკუმენტაცია. მოგელაძე დაჟინებით ითხოვდა ყველა ნომრის ხელმოწრით დამოწმებას, ვინაიდან აღნიშნული პროცედურა ტარდებოდა უკვე მათ უწყებაში და მათთვის წარდგენილ დოკუმენტებზე. მე აზრად არ მომსვლია , რომ კონტროლის პალატაში ვინმეს შეეძლო ზედმეტი დოკუმენტი ჩაედოთ, თუმცა ასე მოხდა“, - განაცხადა კახნიაურმა და აღნიშნა, რომ ნუმერაცია დასრულდა არა 1051-ით, არამედ 1052-ით და სწორედ ეს 1 ფურცელი იყო ჩამატებული კომპანიის დოკუმენტაციაში.

კახნიაურის თქმით,  ეს ფაქტი მან ადგილზევე გააპროტესტა, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერში და ის მოითხოვს ამ ვიდეომასალის სრული ვერსიით გავრცელებას.

დოკუმენტაციის არარეალურობაზე  ასევე  „ბურჯის“  დირექტორმა ნოე ქინქლაძემაც ისაუბრა.

ქინქლაძის განცხადებით,  ფურცელზე წერია, რომ ქარელის ოფისის რემონტის ღირებულება 60 452 ლარია, გურჯაანის  - 40 000 ლარამდე, თერჯოლის  -62 486, ხონის  - 4 4563 ლარი, მარტვილის  - 88 541 ლარი.

მისი მტკიცებით, ამ ფასად, რაც რემონტშია დაფიქსირებული, თითოეულ რეგიონში შესაძლებელია მინიმუმ 2 შენობის საკუთრებაში შეძენა. აქედან გამომდინარე, ქინქლაძე მიიჩნევს, რომ  აღნიშნული მონაცემები  არარეალურია.  ამასთან, მისივე თქმით,  არარეალურია ზოგიერთი მისამართიც, რომელიც დატანილია ამ ფურცელზე.

შპს „ბურჯი“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებებს აფასებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაში მყოფი საწარმოების ხელმძღვანელების დაშინებას.  „ბურჯის“  ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჟურნალისტებს და სპეციალისტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აჩვენოს კომპანიის მიერ სხვადასხვა რეგიონებში მდებარე ოფისების სარემონტო სამუშაოები, რათა დაარწმუნოს, რომ არც კანონდარღვევას და არც თანხების დამალვას და არც საბუთების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

შპს „ბურჯი“ მიმართავს სასამართლოს თხოვნით, უარი განაცხადოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უკანონო შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.