სახალხო დამცველის აპარატი გლდანის ციხესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 11:35 საათზე, სოციალურ ქსელსა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე.
2012 წლის 7 ივლისს, 00:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ გლდანის#8 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს მათ შემოიარეს დაწესებულების ყველა კორპუსი. დაწესებულება ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში და მასობრივი არეულობისა ან რაიმე ინციდენტის ნიშნები არ აღინიშნება.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს მომავალში თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებაღკვეთილ პირებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
თუკი რომელიმე დაინტერესებულ პირს აქვს რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია, შეუძლიათ დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე 223 44 99 ან 577 5052 30- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.