ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ წურწუმია შესაძლოა ფოთის მერი გახდეს. თემურ წურწუმია ამბობს, რომ მისთვის მერის პოსტი ჯერ არავის შეუთავაზებია, თუმცა, ამ ხმების შესახებ მასაც სმენია.
from.ge თემურ წურწუმიას ესაუბრა:
თქვენი კანდიდატურა ფოთის მერად განიხილება. ასეთი შემოთავაზება უკვე მიიღეთ?
არა, შემოთავაზება ნამდვილად არ ყოფილა. ისე, მეც ვიცი, რომ ფოთში ასეთი ხმები დადის. დაველოდოთ მოვლენებს.
სურვილი გაქვთ, რომ ფოთის მერად წახვიდეთ?
სურვილი მაქვს ჩემს ქვეყანას ვემსახურო. როგორც ჩემი პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევი.
ფოთში მუშაობის გამოცდილება გაქვთ?
კი, ფოთში თითქმის ყველა თანამდებობაზე ვიმუშავე. სამჯერ ვიყავი ფოთის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე.
ფოთის მერი თუ გახდებით, ოპოზიციასთან ითანამშრომლებთ?
ჩემი საქმიანობის ყველა ეტაპზე ოპოზიციასთან ვთანამშრომლობდი.
და ასე გააგრძელებთ?
რა თქმა უნდა. არასამთავრობო სექტორთან, ჟურნალისტებთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებ, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია გამართული მუშაობა.
თქვენს საქმიანობას როგორ შეაფასებთ? გააკეთეთ ის, რისთვისაც პარლამენტში მოხვედით თუ ვერ შესძელით?
მე ვფიქრობ, ძირითათად შევძელი რის გაკეთებაც მინდოდა.
ყველაზე მნიშვნელოვან კანონს რომელს გამოყოფდით?
ბევრი საინტერესო კანონი მივიღეთ. მე როგორც ეკონომიკური პროფილით მომუშავე დეპუტატი, მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური თავისუფლების ქარტია და ახალი საგადასახადო კოდექსი.