ახმეტაში ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს. ამის შესახებ თავად ყოფილმა ძიუდოისტმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დარბაზს ზურაბ ზვიადაურის სახელი ერქვა, ეხლა კი ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზად გადააკეთეს. კედლებზე არსებული მისი სურათები კი ჩამოხსნეს.
„ამის მიზეზად რემონტი დაასახელეს. თუმცა შემდეგ ნამუსმა შეაწუხა - სპორტსკოლის დირექტორმა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრა, რომ სურათები არ ჩამოეხსნათ, რადგან სირცხვილი იყო. იქ გავიზარდე და ჩემი სახელობის დარბაზი თუ არა, სურათები მაინც ხომ უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნავს ზვიადაური.
ზვიადაური ამ ფაქტს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი განცხადებით, მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლები პოლიტიკაში წასვლის პირველივე დღიდან ხორციელდებოდა.
„პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, მირეკავდნენ სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გადაწყვეტილების შეცვლას მთხოვდნენ. ჩემს ამ ნაბიჯს ჩემი მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლებაც კი მოჰყვა“, - დასძინა ზვიადაურმა.