თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "კრისტალის" დირექტორ ლევან დაუთაშვილის პროცესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლევან დაუთაშვილს ბრალად ედება ქიმიური ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა მისი ტრანსპორტირების, განთავსების და შენახვის დროს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
განცხადებას Frim.ge უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ქ.თბილისის ისან-სამგორის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ ლევან დაუთაშვილის მიმართ დაპატიმრების შეფარდების შესახებ.
ლევან დაუთაშვილს ბრალად ედება ქიმიური ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა მისი ტრანსპორტირების, განთავსების და შენახვის დროს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
შუამდგომლობის თანახმად: 2012 წლის 28 ივნისს, შპს "კრისტალის" დირექტორმა ლევან დაუთაშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საწყობიდან წამოიღო თხევადი ქლორის ავზები, რომელიც მიიტანა ქ. თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე შპს "ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის" საწყობში. ავზების გადმოტვირთვისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ავზი ეკუთვნოდა შპს "სენტინელი ჯი ემ ჯის". ბრალდებულმა ავზები გადაზიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში, რომელიც განათავსა და შეინახა ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. 2012 წლის 3 ივლისს, აღნიშნული ავზის ბათუმში ტრანსპორტირების მიზნით, სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთვის დროს ქლორმა გაჟონა და ჟანგბადთან შეზავებულ მდგომარეობაში გავრცელდა გარკვეულ ტერიტორიაზე. ძალიან საშიში ნივთიერების-თხევადი ქლორის განთავსების, შენახვის, გადაზიდვის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შპს "კრისტალის" წარმომადგენლის მიერ დარღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაპატიმრების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, იმ მოტივით, რომ ლევან დაუთაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ასევე ქმედების ხასიათს და მართლწინააღმდეგობას, (დამდგარ შედეგს, რამაც გამოიწვია ათობით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს) იმ გარემოებას, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ბრალდებულმა ზეწოლა განახორციელოს მოწმეებზე, რადგან მოწმეთა გარკვეული რაოდენობა მისი თანამშრომელია, ამასთან ბრალდებულს აქვს კავშირები უცხოეთის ქვეყნებთან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ იგი მიემალება გამოძიებას და სასამართლოს, ასევე საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, შესაძლოა ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნით ხელი შეეშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 27 აგვისტოს 12:00 საათზე", - აღნიშნულია განცხადებაში.