თინა ხიდაშელი: ევროპარლამენტში გამართული დებატები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო

თინა ხიდაშელი: ევროპარლამენტში გამართული დებატები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო

„ 4  ივლისს ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები ქვეყნისთვის  უმნიშვენლოვანესი წარმატება იყო“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა დღეს კოალიციის ოფისში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები შეაფასა.

ხიდაშელის განმარტებით, ევროპარლამენტში საკითხი ეხებოდა სირიაში, ეგვიპტესა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე მართლაც სერიოზულადაა. მისი თქმით, ევროპარლამენტში დებატებს „ისტერიულად“ ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, დებატები მაინც შედგა და მოხდა სერიოზული განცხადებების და გზავნილების გაჟღერება.

„ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია მედიის მონოპილიზაცია, პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაპატიმრება, ივანიშვილის და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სახელმწიფოს ადმინისტრაციული და საკანონმდებლო რესურსების გამოყენება და სხვა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მან კატეგორიულად უარყო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი გამომსვლელებმა ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს და რიგ ტელეკომპანიებს ინგლისური ენის უფრო კვალიფიციური სპეციალისტების დაქირავებისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება ევროპის პარლამენტში გაჟღერებულ იმ ტიპის გამოსვლებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით რუსული ფულის და "გაზპრომში" მისი წილების შესახებ ბრალდებები გაისმა, ყველა ეს გამოსვლა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ოჯახის, კერძოდ "სახალხო პარტია – კონსერვატორების" წარმომადგენლებს ეკუთვნოდა“, - აღნიშნა მან.

ხიდაშელის განმარტებით, ეს ის პარტიაა, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“.  დანარჩენმა პარტრიებმა კი, მისი თქმით, ისაუბრა კონკრეტულ პრობლემებზე.

მისივე თქმით, დებატები პარლამენტში საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრისა და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ქეთრინ ეშტონის სახელით გაკეთებული მოხსენების გარშემო წარიმართა, რომელიც ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეას მავერინიუსმა წარმოადგინა.

"მან აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. იყენებს ყველა რესურსს მის წინააღმდეგ და პარტიის დაფინანსების და ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული კანონები გამოიყენება ცალმხრივად. შესაბამისად, როდესაც გუშინდელ დებატებზეა საუბარი, მთავარი ამოსავალი და სასაუბრო დოკუმენტი სწორედ ეს მოხსენებაა და მედიის მხრიდან იგნორირება საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვაა", - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელი მნიშვნელოვნად აფასებს ევროპარლამენტარის, კრისტიან ვიგენინის განცხადებასაც, რომელმაც მისი თქმით, ევროპის საბჭოს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს არის მოქმედების დრო, რადგან არჩევნების დღეს გვიან იქნება“.

ხიდაშელის თქმით, მან მიმართა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია შეახსენა.

„ მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს ევროპის პარტიიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ პარტიას მომავალ კვირაში ბათუმში დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომლის მიზანია დაეხმაროს სააკაშვილის პარტიას. ამ პარლამენტში კი, ჩვენი როლია ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას“ - აღნიშნა რიჩარდ ჰუიკმა დებატებისას.

საერთო ჯამში, ხიდაშელის თქმით, სტრასბურგში გამართულ დებატებზე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი გაისმა. პირველი არის ის, რომ უნდა შეიქმნას კონკურენტული და თავისუფალი საარჩევნო გარემო და მეორე – არჩევნების ლეგიტიმურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

 „ქართულ ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტში გამართული დებატების ვიდეომასალაც უჩვენეს.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ მათი ამოცანაა ევროპარლამენტის ყველა წევრს მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია და არავის მისცენ საშუალება ევროპარლამენტს ყალბი მასალები წარუდგინონ.