სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შპს „ბურჯის“ და შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონთან“ შესაბამისობის თაობაზე გონივრული რწმუნების მისაღებად, აღნიშნული კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლას ახორციელებს და განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს და რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს. ამასთანავე ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას.
From.ge სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებას გთავაზობთ.
„შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა პარტიული ოფისები, თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს. ამ უკანასკნელმა პარტიებისათვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილისვე კომპანიას შპს „ბურჯს“ შეუკვეთა. შპს „ბურჯი“ პარტიულ ოფისებში ასრულებს ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა აყალბებს ოფიციალურ დოკუმენტაციას, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და ოფიციალურად აჩვენებს რემონტისთვის დახარჯულ მხოლოდ მიზერულ თანხებს. შპს „ბურჯის“ მიერ კონტროლის პალატაში წარმოდეგნილ დოკუმენტაციაში, აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ წარდეგნილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან და შესაბამისად, იძლევა იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეულ ოფისის სარემონტო სამუშაობეზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა, რადგან ზემოაღნიშნული აღნიშნული ფაქტი შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ნიშნებს, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება“, -ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ბურჯმა“ 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც მომსახურებას უწევს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.
„ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოყვა სამართლებრივი რეგირება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შპს „ბურჯმა“ 2012 წლის 1 იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული ( 8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 30 ცალი ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურბებიან კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში შემავალ პარტიებს. ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც უკვე ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ბურჯი“, დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში, მას საქართველოში წარმოადგენს და უშუალოდ ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი. ეს კომპანია მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს როგორც უშუალოდ ბიძნა ივანიშვილისაგან ასევე კახა კობიაშვილისაგან . საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანა „CHISTA ENTERPRISES LIMITED“ -ის მეშვეობით ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხები შპს „ბურჯს“ მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა. შპს „ბურჯმა“ კი თავის მხრივ, თვალთამქცური სქემის საფუძველზე მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შპს ბურჯის ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მე-9 არხის“ ეთერით გავრცელდა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადება შემდეგ გამოაქვეყნა.