„ქართული ოცნება“ გორში აქციას კულტურის სახლთან  გამართავს

„ქართული ოცნება“ გორში აქციას კულტურის სახლთან გამართავს

გორის გამგეობამ  პოლიტიკურ კოალიცია  „ქართული ოცნებას“ 15 ივლისს კულტურის სახლთან აქციის გამართვის ნება დართო. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია from.ge - ს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ დაუდასტურა.

კობახიძის განცხადებით, გორის კულტურის სახლთან „ქართული ოცნების“ აქცია 15 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.

„ეს აქცია შიდა ქართლის რეგიონისთვის იქნება და ის  გორში 19:00  საათზე გაიმართება. შიდა ქართლის რეგიონებიდან  კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ამ მოედანზე  ჩვენს მხარდამჭერებსა და  ამომრჩევლებს ველოდებით. ეს  იქნება ძალიან ორგანიზებული და ხალხმრავალი აქცია,  როგორც  აქამდე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული აქციები იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ თავდაპირველად აქციის გამართვა გორის ცენტრალურ მოედანზე სურდა, მაგრამ ქალაქის გამგეობისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ კოალიციამ ქალაქის ხელმძღვანელობას მეორე განცხადებით მიმართა და აქციის გამართვა კომბინატის ტერიტორიაზე, კულტურის სახლთან მოითხოვა. ეს მოთხოვნა კი, დაკმაყოფილდა.