ფონდი „ქომაგი“ ხელისუფლებას ფონდის დისკრედიტაციის მიზნით, მორიგი შავი პიარის აგორების მცდელობაში ადანაშაულებს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „ქომაგის“ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით ხელისუფლებას ფონდში გარკვეული პირები ჰყავს შეგზავნილი.
„მათ დახმარების თხოვნით შემოტანილი აქვთ განცხადებები იმ მიზნით, რომ „ქომაგს“ დააბრალონ თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მითვისება“, - ნათქვამია „ქომაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქომაგი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მსგავსი აბსურდული ქმედებები, ფონდში მისულ მოქალაქეებს მისცეს იმის საშუალება, რომ ისარგებლონ გაწეული დახმარებით. ფონდს კი, შეუფერხებელი მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.