კოდექსის ოპონენტებს მხოლოდ 3 დღე დარჩათ

კოდექსის ოპონენტებს მხოლოდ 3 დღე დარჩათ

 

პარლამეტსა და მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი შეთანხმებულია. ამიტომაც მათი აზრით, ლოდინს აზრი აღარ აქვს და ბარემ სასწრაფოდ მიღებას ეშურებიან. ასე არ ფიქრობს ბიზნესმენთა დიდი ნაწილი. მათ ჯერ კიდევ არ იციან რა ცვლილებები შევა იმ ღიად დარჩენილ მუხლებში, რომელიც ხელისუფლებამ საშემოდგომოდ მოიტოვა.

 

ახალ საგადასახადო კოდექსს მესამე მოსმენით 17 სეტემბერის სესიაზე მიიღებენ. 16 სექტემბერს კი პარლამეტში დაგეგმილია ბოლო შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რათა საბოლოოდ შეჯერდეს ის საკითხები, რაც მეორე მოსმენით მიუღებელი დარჩა. 

 

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ამიტომაც მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი მოგვარებულია.

 

მელიქიშვილის ასეთ თავდაჯერებულობას არ ეთანჯმებიან ბიზნესის წარმომადგენლები.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში ბიზნესმენების ბევრი შენიშვნა ფინანსთა სამინისტრომ აღარ გაითვალისწინა, თუნდაც იგივე დღგ- დაბეგვრის წესთან დაკავშირებით. მალე ფინანსთა მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება და გვინდა მისგან მოვისმინოთ, რატომ არ მოხდა ჩვენი შენიშვნების გათვალისწინება, - აღნიშნა გიორგი ისაკაძემ ბიზნესპრესასთან საუბარში, რითაც მელიქიშვილის რიხიანი ტონი გააბათილა.

 

პარლამენტში კი მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, საგადასახადო კოდექსი მესამე მოსმენით საბოლოოდ დროულად იქნას მიღებული, რათა საზოგადოებას ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება დროულად შეეძლოს. ფინანსთა სამინისტრომ კი ექსპერტებთან და ბიზნესმენებთან კონსულტაციები უკვე შეწყვიტა. ბიზნეს-ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესისთვის ამ დრომდე უცნობია რა იცვლება ახალ კოდექსში.

 

მისი თქმით, პრინციპული საკითხები უკვე მიღებულია, თუმცა ღიადაა დარჩენილი კოდექსის რამდენიმე მუხლი, რაზეც მთავრობა, პარლამენტი და ბიზნესი ვერ შეთანხმდა. მათ შორისაა დამატებითი ღირებულების გადასახადი, ასევე უძრავი ქონების საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრა.

 

ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით კი, მეორე მოსმენის შემდეგ კოდექსში მხოლოდ ტექნიკური შესწორებები შევა და ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში საქმე კანონის დარღვევასთან გვექნება. მისი ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ ცნობილია, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი 200-ათასიანი ბრუნვაზე ამოქმედდება, ხოლო უძრავი ქონების დაბეგვრასთან დაკავშირებით მთავრობამ არსებული შეღავათი დატოვა.

 

ცნობილია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი ნაწილი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. მცირე ნაწილი კი ძალაში 1-ლისექტემბრიდან შევიდა. რაც შეეხება ახალ საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენისას 20-მდე საკითხი დარჩა ღიად და როგორც მელიქიშვილი ამტკიცებს, ეს საკითხები უკვე შეჯერებულია.  შესაბამისად პარასკევის სესიაზე კენჭიყრაზე ჯერ ეს საკითხები დადგება და შემდეგ კანონპროექტს მესამე მოსმენით ერთიანად ეყრება კენჭი.