პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საქმე ეხება 5 ივლისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე" გასულ სიუჟეტს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ აქტივისტს, ე.წ. "უბნის კოორდინატორ" რუსო წიკლაურის განცხადებას ეხებოდა, სადაც მან "ნაციონალურ მოძრაობაში" მის ფუნქციაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც ბალიაშვილმა განაცხადა, ქალბატონი კამერასთან საუბრისას ადასტურებს, რომ #32 სკოლაში მიღებულ გასამრჯელოზე "ნაციონალური მოძრაობა" დანამატის სახით, დადიანის #105 მდებარე ოფისში მას ხელზე აძლევს გარკვეულ თანხას, რაც ოფიციალურ ხელფასად არ აღირიცხება და კანონის შესაბამისად არ იბეგრება, რაც მისი თქმით, შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირების საგანი უნდა გახდეს.
„კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან მოვითხოვთ განმარტებებს იმის თაობაზე, ფლობს თუ არა უწყება ინფორმაციას აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შესახებ, დაწყებულია თუ არა გამოძიება და როგორია კონტროლის პალატის ოფიციალური პოზიცია მომხდართან დაკავშირებით“ , - აღნიშნა ბალიაშვილმა
შალვა რამიშვილის გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე“ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გუშინ გავიდა.